ზუგდიდის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დაიწყება

963

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ზუგდიდის მერიამ  შეუსრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით პრეტენზიით მიმართა. საქმე ეხება ქალაქში წყალარინების და კანალიზაციის პროექტის ფარგლებში გადათხრილ ქუჩებს და დღემდე ამოუვსებ ორმოებს, რომელიც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიას კითხვის პასუხად, რატომ ვერ მოხდა პრობლემის მოგვარება და რატომ ვერ ავალდებულებენ კომპანიას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“ჩვენს ქალაქში რაღაც სამუშაოები ტარდება და ვიღაც ვალდებულებას ვერ ასრულებს. ამით ზარალდება მოსახლეობის ინტერესები და ვიღაც ვალდებულებას ვერ ასრულებს. რატომ ვერ მივდივართ იქამადე, რომ კომპანიას მოვთხოვოთ?“, – აღნიშნა ბათლომე შელიამ.

მისივე თქმით, უკვე დაგვიანებულიც კია, რადგან ადამიანები ორი წლის განმავლობაში სარგებლობენ გადათხრილი გზებით.

მამუკა წოწერია დაეთანხმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის სიტყვებს, რომ გარკვეულწილად დაგვიანებულია, თუმცა თქვა ისიც, რომ სამწუხაროდ სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის დაჯარიმების ბერკეტი არ აქვთ, ამიტომ პრეტენზიებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მიმართეს.

“მისული ვართ იმ კონდიციამდე, როცა ჩვენს მუნიციპალიტეტში ისე არ კეთდება, როგორც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. გუბერნია საქმის კურსშია. იყო შეხვედრა შემსრულებლებსა და სამხარეო ადინისტრაციას შორის. ძალიან მალე მოხდება ამის გადაწყვეტა. ანუ ის გრაფიკი იქნება წარმოდგენილი, სადაც ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, აუცილებლად დაიწყებენ ამოთხრილი ორმოების ამოვსებას. ასევე, მართებულად გადაკვეთილ ადგილებში ასფალტის ერთი ფენის დაგებაც“, – განაცხადა საპასუხოდ მამუკა წოწერიამ.

თავის მხრივ, ენმ-ის წარმომადგენელმა მალხაზ ციკუტანიამ აღნიშნა, რომ ის, როგორც რიგითი მოსახლე ესაუბრა აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენელს, რომელმაც უთხრა, რომ ისინი გზებს მერიასთან შეთანხმების აღადგენენ, ადგილობრივი ხელისუფლების მითითებით, თუ რომელია პრიორიტეტული.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ეს არასწორი ინფორმაციაა. ერთადერთი, რაც მამუკა წოწერიას განმარტებით მერიამ მოითხოვა და დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა მცდელობა, სადაც სამუშაოები დასრულდა, აღდგენა დაწყებულიყო.

“ამ გზების მომხმარებლები ჩვენც ვართ და შევწუხდით. ოღონდ წყალი და კანალიზაცია გაგვიკეთონ და მოვითმენთო, ამ მოთმენის ფიალა ნელ ნელა აივსო. უფრო მკაცრად დადგა საკითხი. გზების აღდგენა წლის ბოლომდე დაიწყება“, – განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ.