დეპუტატი ზუგდიდის მერიის სამსახურებს საკრებულოსთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს (ვიდეო)

693

დეპუტატი და ფრაქცია ”მრეწველების” თავმჯდომარის მოადგილე მერიის სამსახურებს საკრებულოსთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ედიტა კოდუამ ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის ანგარიშის მოსმენაზე განაცხადა. მისი თქმით, კარგად ესმის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს ფუფუნება ყველა პროექტის ერთდროულად განხორციელების, თუმცა უნდა მერიის სამსახურებმა საკრებულოს წევრებთან მეტი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვან. ეს იმისთვის, რომ ჩართულები იყვნენ როგორც ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, ასევე გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვაში. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ედიტა კოდუას თქმით, დეპუტატებმა უკეთ იციან, რომელ სოფელში მეტი პრობლემაა, ამიტომაც, ფიქრობს, როცა დაფინანსებას იღებენ, პრიორიტეტების შერჩევაში დეპუტატებიც უნდა ჩაერთონ.

“ძალიან გთხოვთ, მეტი კომუნიკაცია იქონიეთ საკრებულოსთან და ჩვენ მარტო აქ არ დაგვიბაროთ პროექტების დასამტკიცებლად, არამედ მანამდე განხილვაშიც მიგვაღებინეთ მონაწილეობა“, – აღნიშნა ედიტა კოდუამ და დასძინა, რომ ინდივიდუალურად მერიის არცერთი სამსახურის წარმომადგენელთან არ აქვს კომუნიკაციის პრობლემა, არამედ ჯგუფურ, ერთობლივ სამუშაო პროცესში თანამონაწილეობაზე საუბრობს.

დეპუტატმა გაიხსენა ევროკავშირის დაფინანსების ფარგლებში პროექტების განსაზღვრასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა, რომლის შესახებაც ინფორმირებული არ ყოფილა, და რომელსაც მხოლოდ საკრებულოს ერთი წევრი ესწრებოდა.

“მე თქვენ რომ გხვდებით, იმდენს თუ ვინმეს ვხვდები, არ ვიცი. ზოგჯერ მაინც მითხარით თქვენი პრობლემები და და გავითვალისწინებ. ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენს აქტიურობას“, – უთხრა მას პასუხად ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თავად ედიტა კოდუას მიერ ნახსენები შეხვედრის თაობაზე შეტყობინება ტელეფონით მიიღო, თუმცა ამას გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის გვერდზე შესაბამისი ინფორმაცია განთავსებული იყო. მამუკა წოწერიას თქმით, კარგი იქნება, თუ დეპუტატებს ტელეფონითაც აუწყებენ. ასევე მიესალმება საკრებულოს წევრთა მეტ ჩართულობას პროექტების პრიორიტეტულობის განსაზღვრის პროცესში.