მერიას ზუგდიდში სათამაშო მოედნების რეკონსტრუქციას სთხოვენ

საკრებულოს წევრი და ფრაქცია “კონსერვატორების“ თავმჯდომარის მოადგილე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგებას ითხოვს. საუბარი შეეხება ერთის მხრივ დადიანის ქუჩაზე სათამაშო მოედნის რეკონსტრუქციას, ასევე საფეხბურთო მოედნების რემონტს და მოვლა პატრონობას. კონსტანტინე კაკავას ინიციატივაა სკეიტპარკის დაზიანებულ ტერიტორიაზე ზრუნვაც. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

დეპუტატის თქმით, სათამაშო მოედანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ კერძო შემოწირულობებით მოეწყო, დღეს ფაქტობრივად მოშლილია და უსაფრთხოების ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ბავშვებისთვის საშიშია.

“დარწმუნებული ვარ, საკრებულოს სხვა წევრებიც დამიჭერენ მხარს. მათ შორის ბატონი თავმჯდომარეც. გთხოვთ ჩაინიშნოთ და როცა შემოვა ბიუჯეტი, იქ იყოს გათვალისწინებული ამისთვის თანხები. თუ არა, მაშინ ჩვენ დაგიბრუნებთ ამ ბიუჯეტს შენიშვნებით“, – განმარტა კონსტანტინე კაკავამ, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის ანგარიშის მოსმენაზე.

მისივე თქმით, ცუდ მგომარეობაშია ქალაქ ზუგდიდში მოქმედი საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებიც. დეპუტატმა ითხოვა შესაბამისი თანხების მომავალი წლის საფინანსო დოკუმენტში ასახვა, რათა შეიქმნას კონკრეტული პროექტი, რა ეღირება ამ სტადიონების აღდგენა. საკრებულოს წევრისვე განცხადებით, როცა არ ხდება მოვლა-პატრონობა ტერიტორიების, მათი ინფრასტრუქტურული მდგომარეობაც მძიმდება.

მანვე აღნიშნა, რომ იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიასთან ერთად მუშაობენ საფეხბურთო მოედნების მოვლა-პატრონობის წესზე. კონსტანტინე კაკავას განმარტებით, მთავრობის პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდაა, ამიტომაც, მოცემულ პრობლემებს მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ გამოცემას უთხრა, რომ დეპუტატის მიერ ჩამოთვლილი საკითხები მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა აისახოს.

მსგავსი სიახლეები