ქალაქ ოზუგეთის საკრებულოს სხდომა ურთიერთშელაპარაკების და რეპლიკების ფონზე მიმდინარეობს

698

ქალაქ ოზუგეთის საკრებულოს სხდომა ურთიერთშელაპარაკების და რეპლიკების ფონზე მიმდინარეობს. ამ წუთებში სხდომაზე თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების საკითხს განიხილავენ. როგორც საკითხის განხილვისას ირკვევა, საკრებულოს მმართველი გუნდი გაერთიანების მომხრეა, რასაც ოპოზიციური პარტიების დეპუტატები არ ეთანხმებიან. ამის გამო სხდომა ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გოჩა ძიმისტარაშვილმა ოზურგეთის მერს, ბეგლარ სიორიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების მომხრე არც ოზურგეთის მერია, თუმცა, ის მთავრობის ბრძანებას უნდა დაემორჩილოს.

„დარწმუნებული ვარ ამ გადაწყვეტილების მიღება არც ბეგლარ სიორიძეს სურს. ის თავის გულში სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ რა ჰქვას, უნდა დაემორჩილოს მთავრობის ბრძანებას“, _განაცხადა ძიმისტარაშვილმა. ამასზე ბეგლარ სიორიძემ უპასუხა: „დედა, ეს რა მესმის“.

მერის ამ რეპლიკას დარბაზში სიცილი მოყვა.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან მგელაძე აცხადებს, რომ როგორც სხვა ქალაქების საკრებულოების დეპუტატების ფოტოილუსტრაცია გავრცელდა, ასევე გაავრცელონ იმ დეპუტატების ფოტოებიც, ვინც ამ ინიციატივას მხარს უჭერს.

რაზეც დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ უპასუხა: „ნუ გვაშინებთ და გვატერორებთ!“

დეპუტატ მედეა მახარობლიძის თქმით, მას ფოტოების გადაღების არ ეშინია და სამინისტროს ინიციატივას მხარს უჭერს.

თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების წინააღმდეგია საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გოგუაძე.

ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ დეპუტატებს, რომ თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებას მხარი არ დაუჭირონ.

ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ოზურგეთის მერს მიმართეს და მოითხოვეს წარმოადგინონ თანხების დაზოგვის რაიმე დოკუმენტი ან კვლევა, რომელიც ერთეულების შერწმით მოხდება.

„ერთი კვლევა გვაჩვენეთ, სად ჩანს თანხების დაზოგვა?! თქვენი უფლება არ განისაზღვრება რამდენი პეტიცია შემოვიდა საკრებულოში. “ჩართულობა” დიდი ხანია გთხოვთ, გადით და ამომრჩეველთან ჩაატარეთ შეხვედრა, გამოიყენეთ ეს მექანიზმი“, _ აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ოთარ რევიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების საკითხს განიხილავენ, რაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივაა.

ინიციატივის მიხედვით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვითმმართველი ერთეული, შერწყმულ მუნიციპალიტეტს კი ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება. გარდა ამისა, ამავე სტრატეგიის თანახმად, გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს და ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული მერი ეყოლება. საკრებულოებს კი, დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ.

წყარო: გურიანიუსი