გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება

13 ოქტომბერს გურჯაანში, კურორტ ახტალას მიმდებარე ტერიტორიაზე, ღვინის ფესტივალი გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სახლში დაყენებული ქვევრის ღვინო, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები. ინფორმაციას რეგინფო ავრცელებს.

“ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც კახური, ისე საქართველოს სხვა კუთხეებში დამზადებული ღვინოები და შეიძინონ ხელმისაწვდომ ფასად; მონაწილეობა მიიღონ ხელთნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში. დაათვალიერონ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები; მონაწილეობა მიიღონ ყურძნის დაწურვასა და თათარაობაში“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქორეოგრაფიული და ხალხური სიმღერის ანსამბლები. გაიმართება შეჯიბრებები და გათამაშება, რომელთა გამარჯვებულებსაც სპეციალურად „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018“-ის მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცემათ. ფესტივალის ბოლოს, 19:00 საათზე, გაიმართება ფილმის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ჩვენება.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს უკვე მეორედ, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ღვინის ეროვნული სააგენტო.

ღვინის ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ქართული და უცხოელი საზოგადოებისთვის ღვინის კულტურისა და ტრადიციების გაცნობა.

მსგავსი სიახლეები