წალკაში სამშენებლო კომპანიის უფროსი სახელმწიფო ქონებას უკანონოდ დაეუფლა

688

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ბრალდებით სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა 2016-2017 წლებში, წალკის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ორი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რა დროსაც დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა სამუშაოების პროცესში გამოყენებული მასალის პარამეტრები, ხარისხის მაჩვენებლები და შესრულებული სამუშაოების მოცულობა.

“აღნიშნული ქმედებით, სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონებას. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაო შეამოწმეს კერძო აკრედიტებული საექსპერტო დაწესებულებების ექსპერტებმა, რომლებმაც ისე გასცეს დადებითი დასკვნა, რომ ბრალდებულის მიერ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული სამუშაოების მოცულობა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს არ შეადარეს“, – განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.