პირველი რთველი 400 წლის შემდეგ მესხეურ ტერასებზე (ფოტო/ვიდეო)

1924

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ

ავტორი: ავთო ინასარიძე, ოთარ აწყურელი

გაქრობის პირას მყოფი მესხური ვაზის ჯიშები ასპინძაში, ხიზაბავრის ტერასებზე საუკუნეების შემდეგ კვლავ დაბრუნდა. სამ ოქტომბერს, აქ 400 წლის შემდეგ პირველად, ვაზის 27 უძველესი ჯიშის ყურძნის რთველი მოეწყო.

რთველი საზეიმო ვითარებაში ანსამბლ “მესხეთის“ სიმღერით გაიხსნა. ქართველებთან ერთად რთველში მონაწილეობა უცხოელებმა აშშ-დან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან მიიღეს.

“ინგლისიდან ვარ, აქ ყველაფერი სასიამოვნოა, თქვენი სამზარეულო განსხვავებულია, ღვინო კი ძალიან ახალგაზრდაა, მიხარია, რომ ასეთი ზეიმის მონაწილე ვარ“, – გვითხრა რობერტ ფრანკომ.

სპეციალურად ამ დღისთვის, აჭარიდან ჩამოვიდა ლია ჯაყელი: “ამ ვაზის დარგვაში მონაწილეობა მაქვს მიღებული, ასწლეულების წინ აქ ჩვენი, ჯაყელების ტერასა იყო და დღესაც ხიზაბავრას ტერასებზე ჩვენი ტერასა გვაქვს გამოყოფილი, აქ „ხიხვის“ ჯიშის ვაზი დავრგეთ. ამ რთველზე დასწრება ჩემთვის დიდი ბედნიერებაა“.

ვაზის უძველესი ჯიშების აღდგენა კომპანია “ვარძიის ტერასების“ დირექტორმა გიორგი ნათენაძემ სამი წლის წინ დაიწყო.

ამჟამად, 24 ჰექტრიდან 12 ჰექტარზე ტერასები უკვე აღდგენილია, აქედან რვა ჰექტარზე ვაზია გაშენებული. მომავალ წელს კი ვენახი კიდევ ოთხ ჰექტარზე გაშენდება.

“წარმოდგენილი ჯიშები სხვადასხვა სოფლებში ვიპოვნეთ და შემდეგ აქ გავავრცელეთ. მომავალ წლებში ამ ტერასებს კიდევ უფრო გავაფართოებთ. მიღებული პროდუქციიდან საუკეთესო ჯიშებს გამოვავლენთ და მათ ტერასებზე გავამრავლებთ. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ არიან ადამიანები, რომლებიც წლებია მესხეთში მეღვინეობას აკვირდებიან“, – ამბობს ნათენაძე.

ტერასების განაშენიანებასა და ღვინის კულტურის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა ინვესტორმა, “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ: “ეს აბსოლუტურად სხვა ტიპის, ტურიზმის ძვირადღირებული მიმართულებაა. უცხოეთიდან მოწვეულ სტუმრებს ძალიან დიდი ისტორია აქვთ იმ ქვეყნებში, საიდანაც არიან. ლევან უჯმაჯურიძემ ჯიღაურაში დიდი საქმე გააკეთა, როდესაც სანერგე დააფუძნდა, უნიკალური ვაზის ჯიშებით სწორედ იქედან მომარაგდა აქ წარმოდგენილი ტერასები, რამდენიმე წელიწადში ეს გორები ვაზის მესხური ჯიშებით იქნება მოფენილი და ღვინო არამარტო ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთაც გავა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს არსებულ ქართულ ღვინოს უკვე შეემატა რამდენიმე ახალი სახეობა“.

კომპანია “ვარძიის ტერასები” მომავალში “თამარის ვაზის“, “მესხური ხიხვის“ და “ჩიტის თვალას თეთრის“ ვაზის ჯიშებისგან ღვინის დაწურვას გეგმავს. ასპინძაში ასევე მესხური კულტურისთვის ისტორიული საწნახელის, ხორბლის ბეღელის და მესხური დარბაზის მშენებლობებიც იგეგმება.