კახეთს წყალი არ აქვს: ნასესხები 29 მილიონი უშედეგოდ დაიხარჯა

1616

სტატია მომზადებულია “აიფაქტის” მიერ

ავტორი: ცქრიალა შერმადინი, ნინო შონია

წარმოიდგინეთ, რომ ბანკიდან აღებული სესხით სახლში წყლის გაყვანა გადაწყვიტეთ. იპოვეთ ხელოსნები და დაავალეთ ეს საქმე. გავიდა 2 წელი და წყალი მაინც არ გაქვთ. თან სახლშიც სულ არეულობა და მტვერია, რადგან დროდადრო ხელოსნები მოდიან და რაღაცას აკეთებენ. ბანკი კი პროცენტს გთხოვთ. ხელოსნები თითს ერთმანეთისკენ იშვერენ და ათას მიზეზს გეუბნებიან, რომელიც მდგომარეობას ვერ ცვლის და ზუსტად არც ის იცით, წყალი როდის გექნებათ.

სწორედ ამ სიტუაციაში ვართ ჩვენ ყველანი, გადასახადის გადამხდელები, რომელთა ფულით ბიუჯეტი ივსება. საქმე იმაშია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა (მგფ) ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 40 მილიონი ევრო 2014 წელს ისესხა. საბოლოო ჯამში რამდენი ლარის დაბრუნება მოგვიწევს უკან ბანკისთვის, ფინანსთა სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდში ჯერ ვერ გვითხრეს. ამ ნასესხები ფულით საქართველოს 28 ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა.

აღნიშნული სესხიდან 29 მილიონ ლარზე მეტი ახმეტაში, საგარეჯოსა და თელავი-კურდღელაურში უკვე დაიხარჯა. სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. სამივე პროექტი, წესით, დასრულებული უნდა იყოს. თუმცა, მუნიციპალური განვითარების ფონდს სამუშაოები ჯერ არ ჩაუბარებია. მოსახლეობასაც წყალი მუდმივად კი არა, გრაფიკითაც არ აქვს. ყველაფერი კი პროექტების არასწორად დაგეგმვას დაბრალდა.

პროექტის საწყის ეტაპზე, 2013-2014 წლებში სამივე მუნიციპალიტეტში გათვალისწინებული იყო წყალმომარაგების სრულად აღდგენა. სისტემის გამართულობას სულ მცირე სამი კომპონენტი მაინც სჭირდება: სათავე ნაგებობები/რეზერვუარები, სადაც წყალი დაგროვდება, საქლორატორო ჯიხურები, სადაც გაიწმინდება და მილები, რომლითაც მოსახლეობის ონკანებამდე მივა. პროექტებში, რომლებიც წყალმომარაგების კომპანიამ მგფ-ს თავიდან მიაწოდა, სამივე კომპონენტი გათვალისწინებული იყო. ევროპის საინვესტიციო ბანკმა საპროექტო დოკუმენტაცია დაიწუნა, რადგან საბჭოთა ნორმების მიხედვით იყო მომზადებული და არა ევროპული სტანდარტით. საჭირო გახდა მათი შეცვლა.

არადა, ევროპის საინვესტიციო ბანკს ქართულ მხარესთან მოლაპარაკების საწყის ეტაპზე, 2012 წელს უკვე განსაზღვრული ჰქონდა, რომ სამუშაოები ევროპული სტანდარტის მიხედვით უნდა შესრულებულიყო და არა საბჭოთა ნორმებით. ამის მიუხედავად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ჩაატარა, სამივე მუნიციპალიტეტში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა და როდესაც ბანკმა დაფინანსება არ მისცა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო პროექტების გადაკეთება. გადაკეთებულ პროექტებში შემცირდა სამუშაოების მოცულობა და გაიზარდა ბიუჯეტი. მგფ-სა და წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ ევროპული სტანდარტით სამუშაოს შესრულება უფრო ძვირი ღირს.

რატომ ჩათვალეს წყალმომარაგების კომპანიისა და მგფ-ის მაღალჩინოსნებმა, რომ ევროპულ ორგანიზაციას საბჭოთა სტანდარტი დააკმაყოფილებდა, ვერ გავარკვიეთ. ახლანდელი ხელმძღვანელობა თითს მათი წინამორბედებისკენ იშვერს.

“გამორიცხულია, ბანკს თავიდანვე არ დაეწერა ეს პირობებში და მერე შეეცვალა. ამის გულისთვის ხსნიან მენეჯერებს.” გვეუბნება ალექსანდრე თვალჭრელიძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რომელსაც არაერთი კვლევა აქვს მომზადებული წყალმომარაგების სისტემების შესახებ.

არასწორად დაგეგმილი სამუშაოების ყველაზე კარგი მაგალითი საგარეჯოა. თავდაპირველი პროექტით 64 კმ სიგრძის ქსელი და რეზერვუარები უნდა მოეწყოთ, შემდეგ კი გზის საფარიც აღედგინათ. ამისთვის 6.3 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. პროექტის გადაკეთების შედეგად კი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 124 კმ სიგრძის ქსელი ჰქონდათ გასაკეთებელი, ბიუჯეტი კი 10.4 მლნ ლარამდე გაიზარდა. მილები კი ჩაყარეს მიწაში, მაგრამ მოსახლეობას წყალი მაინც არ აქვს და გზებიც გადათხრილია.

ახმეტაშიც იგივე მდგომარეობაა, მხოლოდ ქსელის რეაბილიტაცია შეძლეს. აქაც, თავდაპირველი პროექტი შეიცვალა, თუმცა, საბოლოოდ მოსახლეობას წყალი მაინც არ აქვს. ჩივიან, ადრე გზა მაინც გვქონდა, წყალი თუ არა, ახლა ეს გზაც გადათხარეს, არც წყალი გვაქვს და არც გზაო. ახმეტაშიც ბიუჯეტი 6 მილიონიდან 9.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა. პროექტის ვადებიც ორჯერ შეიცვალა და საბოლოოდ 2018 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო. ახმეტელებს წყალი 24 საათის მანძილზე უწყვეტად უნდა ჰქონოდათ. მგფ-ში ამბობენ, რომ ამ პროექტების მიზანი სწორედ ეს იყო. წლების მანძილზე ყველა მაღალჩინოსანიც იმავეს ჰპირდებოდა ადგილობრივებს.

თელავი-კურდღელაურის პროექტზეც 9.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. სამუშაოები 2015 წელს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2018 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო. დღემდე არც სამუშაოები დასრულებულა და არც წყალი ჩანს. პროექტი აქაც შეიცვალა და თავდაპირველად დაგეგმილი სამუშაოებიდან მხოლოდ რამდენიმე პუნქტი შესრულდა. ქსელი და რეზერვუარების ნაწილი მოაწყვეს, მუდმივი წყალმომარაგების აღდგენისთვის კი ფული არ ეყოთ. ახალი მილები სახლებამდეა მიყვანილი, თუმცა, ამ სისტემიდან წყალი სოფლის მოსახლეობამ მხოლოდ ორი დღის მანძილზე მიიღო. მილების გაუმართაობის გამო წყალი გადაკეტეს შემდგომი პრობლემების აღმოფხვრამდე. ამ ეტაპზე ბოლომდე ქსელის მხოლოდ 35 პროცენტია შემოწმებული, დარჩენილი ნაწილის ხარვეზების დადგენას კიდევ ერთი თვე დასჭირდება. მანამდე კი მოსახლეობა კომუნისტების დროს დაყენებული ხელნაკეთი სისტემით იღებს წყალს.

სამივე მუნიციპალიტეტში 29.3 მილიონი ლარი, ძირითადად, ქსელის რეაბილიტაციას მოხმარდა. თუმცა, რამდენად ხარისხიანია წყალგაყვანილობა ჯერ არ ვიცით, რადგან სამუშაოებს ექსპერტიზა არ ჩატარებია.

პროექტები რომ თავიდანვე არასწორად იყო დაგეგმილი ამას ახლა მგფ-შიც აღიარებენ. ფონდის წარმომადგენლებს 1.5 საათის მანძილზე ვესაუბრებოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარეთ ყველა დოკუმენტი. მათი თქმით, პროექტების გაჭიანურება სწორედ წყალმომარაგების კომპანიის თავდაპირველი პროექტების შეცვლამ გამოიწვია. “რამდენიმე თვე ტენდერში გამარჯვებული კომპანიები გაჩერებული იყვნენ, რადგან ვერ ვეუბნებოდით, კონკრეტულად რა უნდა გაეკეთებინათ.“ თავდაპირველი პროექტები კი მდფ-ის მიერ დაქირავებულმა უცხოურმა კომპანიამ წყალმომარაგები კომპანიასთან ერთად გადააკეთა.

იმისთვის, რომ სამუშაოები ხარისხიანად ჩატარებულიყო, 2014 წელს, პროექტების დაწყებამდე მგფ-მა ტენდერიც გამოაცხადა. ფონდში სურდათ დაექირავებინათ სპეციალისტები, რომლებიც საპროექტო დოკუმენტებს შეისწავლიდნენ, რისკებს გათვლიდნენ და სამშენებლო სამუშაოებს თვალყურს ადევნებდნენ. ეს ტენდერი მაშინდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მალევე გააუქმეს, გვეუბნებიან ფონდის წარმომადგენლები.

ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ სამ დასახლებულ პუნქტში მოსახლეობას წყალი არ აქვს. კახეთის ამ სამ მუნიციპალიტეტში მუდმივი წყალმომარაგების მისაღწევად კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. არც მგფ-სა და არც წყალმომარაგების კომპანიას კონკრეტული გეგმა ამ მიმართულებით არ აქვთ. მგფ-ში გვითხრეს, რომ პროექტის დასრულებაზე წყალმომარაგების კომპანიამ უნდა იზრუნოს და დამატებითი ფინანსური რესურსი მოიძიოს. წყალმომარაგების კომპანიაში კი მგფ-ის იმედი აქვთ, რომ დაწყებულ საქმეს დაასრულებენ, ოღონდ როდის, არ იციან.