ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

1249

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში ადგილობრივების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი შიდა საუბნო გზების, დაახლოებით ორკილომეტრიანი გზის დაგებას ითხოვენ. შეკრებილების მტკიცებით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ პრობლემის მოგვარებას არაერთხელ დაჰპირდა, თუმცა პირობა ამ დრომდე არ შეასრულეს. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

აქციაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც მივიდნენ. პარტიის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მურთაზ ზოდელავას თქმით, მოსახლეობისთვის საჭირო გზის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის ხის გადასატანად გაკეთდა გზა, რომელიც ერთჯერადი დანიშნულების იყო.

“ახალკახათის მოსახლეობა ითხოვს, რომ ის გზა გააკეთონ, რომელიც მათ რეალურად სჭირდებათ და ეს არ გააკეთეს“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას ინფორმაციით, ახალკახათის მოსახლეობის ნაწილს გუშინ შეხვდნენ და გზის რეაბილიტაციის სავარაუდო ვადებთან დაკავშირებით უკვე ისაუბრეს. წოწერიას თქმით, ადგილობრივებთან ერთად განიხილეს აღნიშნული პრობლემა და მათ ყველა კითხვას უპასუხეს.

“გუშინ შევხვდით მოსახლეობის ნაწილს. ამოვწურეთ მათთან ყველა კითხვა. გვითხრეს, რომ 19-ის მერე ისევ გვექნებოდა კომუნიკაცია და უკვე ზუსტ თარიღსაც დავუსახელებდით, თუ როდის დაიწყებოდა გზის აღდგენითი სამუშაოები. აქედან გამომდინარე, ვერ ვხვდები, რა მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი აქცია. სოფელ ოქტომბერში გზის რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. რაც შეეხება ახალკახათს, გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა, ვინაიდან გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ ვერ გამოასწორა დოკუმენტური ხარვეზი და შესაბამისად იმავე დღეს გამოცხადდა ტენდერი, რომელიც 19 ოქტომბერს დასრულდება. ამის შესახებ სოფლის მოსახლეობამ იცის. ყველა გზა, რომელიც ზუგდიდში იგება, არის ოთხწლიანი გეგმის მიხედვით და ის სიმულაციები, თითქოს, ხის გადასატანად გაკეთდა, არის ტყუილი”, – ამბობს მამუკა წოწერია.