საოლქოს ნინოწმინდის საკრებულოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ინფორმაცი არ აქვს

910

წინა სტატია

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტისას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტზე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ დაწერილა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ნინოწმინდის საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის ამსახველი მასალის გამოქვეყნების შესახებ ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დღეს, ოთხ ოქტომბერს, “სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარის შემდეგ გაიგეს.

“არაფერი ვიცით, საჩივარი არ შემოსულა. თუ განცხადებით არ მოგვმართა ვინმემ, ისე საკითხს ვერ განვიხილავთ. თუ შემოიტანენ საჩივარს შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, – გვითხრა ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გია გაჩეჩილაძემ.

ობიექტური რეაგირების იმედი არ აქვს ნინოწმინდაში ოპოზიციას.”ევროპული საქართველოს“ ნინოწმინდა–ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არსენ კარაპეტიანი ამბობს, რომ ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის სეირან კიურეღიანის შვილია: “რატომ განიხილავს ისეთ საჩივარს, რომელიც თავისი შვილის სამსახურს უკავშირდება?! გარდა მაგისა ჯერ არ მახსოვს მაგითი ობიექტური გადაწყვეტილებები საჩივარზე“.

ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სეირან კეურაღიანი ამბობს, რომ ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მამაა, თუმცა ეს საკითხის ობიექტურ განხივლას ხელს არ შეუშლის: “ეს არაფერ შუაში არ არის. შვილი იქნება, ცოლი თუ სხვა ნათესავი, როგორც კი მივიღებთ საჩივარს განვიხილავთ და კანონის ფარგლებში მოვიქცევით“.

თუ საოლქო კომისიაში საჩივარი შევა, იურისტების განმარტებით კანონის მიხდვით საკრებულოს აპარატის უფროსი არფიკ ტოროიანი დაჯარიმდება. როგორც მან „სამხრეთის კარიბჭესთან“ გუშინ, სამ ოქტომბერს, სატელეფონო საუბარში განაცხადა, სააგიტაციო მასალა ფეისბუქის გვერდზე თავად განათავსა.

“რადგან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, ამიტომ გამოვაქვყნეთ ეს ფოტოები, მაგრამ თუ რეკლამად ითვლება მაშინ წავშლით“, – გვითხრა მან.

ამ დროისთვის ნინოწმინდის საკრებულოს ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული მასალა წაშლილია.

იურისტების განმარტებით, ბიუჯეტიდან დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებებით აგიტაცია ადმინისტრაციული რესურისის პირდაპირი გამოყენებაა. ის პირი კი, რომელმაც მსგავსი მასალა გამოაქვეყნა 2 000 ლარით ჯარიმდება.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ “მრავალეროვანი საქართველო”, რომელიც სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება, აცხადებს, რომ ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი მერიის შენობაში “ქართული ოცნების” აქტივისტებს იბარებს და დავალებებს აძლევს სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ კამპანიასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებას წარმოადგენს.