თეთრწყაროში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

806

2 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

მერიის ცნობით, დღის წესრიგის შესაბამისად, დოკუმენტზე “თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების სტრატეგია“ საბჭოს თავმჯდომარემ, გულიკო შოშიტაშვილმა მრჩეველთა საბჭოს შენიშვნები და რეკომენდაციები წარუდგინა. საბჭომ ერთხმად მხარი დაუჭირა მას და მერიას სათანადო რეკომენდაციები შესთავაზა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის კულტურის სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, მრჩეველთა საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე წერილობითი განმარტებები წარადგინა მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა, ფატიმა შავაძემ. საბჭომ მოიწონა მუნიციპალიტეტის საპასუხო განმარტებები.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მესამე საკითხად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019-2021 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმა მოისმინა, რომელიც მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების უფროსმა, ნატო ალთუნაშვილმა გააცნო საბჭოს წევრებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, სხდომა აქტიური კითხვა-პასუხისა და დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

სხდომის ოქმი შეგიძლიათ იხილოთ მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე.