ნინოწმინდის საკრებულომ სალომე ზურაბიშვილის ნინოწმინდაში ვიზიტის დროს ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა

952

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ნინოწმინდაში ვიზიტის დროს ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გუშინ, ორ ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის აგიტაციის შემცველი მასალა გამოქვეყნდა მინაწერით: „საქართველოს დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ნინოწმინდაში“.

ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მერობის კანდიდატია და მას მმართველი პარტია “ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. ორ ოქტომბერს იგი ნინოწმინდის კულტურის სახლში ამომრჩევლებს შეხვდა, აქედან კი წინასაარჩევნო შეხვედრები ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გააგრძელა.

ნინოწმინდის საკრებულოს აპარატის უფროსი არფიკ ტოროიანი “სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ ფეისბუქის გვერდი, რომელზეც ზურაბიშვილის ვიზიტის ამსახველი ფოტოებია გამოქვეყნებული, ნადვილად მათი ოფიციალური გვერდია, ამ გვერდს თავად მართავს და ფოტოებიც თავად ატვირთა: “რადგან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, ამიტომ გამოვაქვყნეთ ეს ფოტოები, მაგრამ თუ რეკლამად ითვლება მაშინ წავშლით“.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ იურისტის გიგი ჩიხლაძის თქმით, ბიუჯეტიდან დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებებით აგიტაცია ადმინისტრაციული რესურისის პირდაპირი გამოყენებაა: “ეს არის სალომე ზურაბიშვილის აგიტაცია, ამიტომ კანონით 2 000 ლარით უნდა დაჯარიმდეს ის პირი, ვინც ეს პოსტი გამოაქვეყნა. ამ ფაქტზე რეაგირება ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა მოახდინოს“.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ “მრავალეროვანი საქართველო”, რომელიც სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება, აცხადებს, რომ ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი მერიის შენობაში “ქართული ოცნების” აქტივისტებს იბარებს და დავალებებს აძლევს სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ კამპანიასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებას წარმოადგენს.