თბილისის მერიამ კომპანიას, რომელიც უზნაძის ქუჩას რეაბილიტაციას უტარებდა ხელშეკრულება შეუწყვიტა და ჯარიმა დააკისრა

742

წინა სტატია

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ მერიამ კომპანიას, რომელიც უზნაძის ქუჩას რეაბილიტაციას უტარებდა ხელშეკრულება შეუწყვიტა და ჯარიმა დააკისრა. მისი თქმით, უკვე გამოვლენილია ახალი კომპანია, რომელიც სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაასრულებს.

“მთავრობის წინა სხდომაზე ვისაუბრე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება საკმაოდ წარმატებით, თუმცა იყო კონკრეტული ადგილი – უზნაძის ქუჩა მაქვს მხედველობაში, სადაც სერიოზული პრობლემაა, სამუშაოები დამთავრებული უნდა იყოს, თუმცა კომპანია უპასუხისმგებლოდ მოიქცა, მიაგდო სამუშაოები. სავალალო მდგომარეობაშია კონკრეტული ქუჩა, გადათხრილი, მიტოვებული და მე მაინტერესებს, რა მდგომარეობა გვაქვს და რა ხდება ამ ეტაპზე”,- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კალაძეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ირაკლი ბენდელიანმა უპასუხა.

“ჩვენ გასულ კვირას შევხვდით კომპანიას, რომლის მიმართაც მოხდა საჯარიმო სანქციების გატარება, ასევე, შეწყვეტილია ხელშეკრულება. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, იქ შესულია სხვა გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. გარდა ამისა, დავალება გვაქვს მიცემული, უახლოეს დღეში დასრულდეს მთლიანი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები”,- განაცხადა მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.