კალაძე: თბილისის მასშტაბით 250-მდე საპარკინგე ადგილი სპეციალურად ტაქსებისთვის გამოიყოფა

1072

წინა სტატია

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მასშტაბით 250-მდე საპარკინგე ადგილი სპეციალურად ტაქსებისთვის გამოიყოფა, სადაც ლიცენზიის მქონე ტაქსების განთავსება უფასო იქნება. მისი თქმით, უკვე შეირჩა 60-მდე ადგილი, სადაც საპარკინგე ადგილები განთავსდება.

“დღეის მდგომარეობით შერჩეულია 60-ზე მეტი ადგილი, ჯამში 250-მდე ტაქსის სადგომით. ეს ადგილები განკუთვნილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებისთვის და იქ სხვა ავტომანქანების განთავსება აიკრძალება, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოიწერება ჯარიმები. ამ ადგილებზე სპეციალურად აღინიშნება, რომ ის განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებისთვის. რა თქმა უნდა, ტაქსის მძღოლები ამ ადგილებით ისარგებლებენ უფასოდ.

ჩვენ ვაგრძელებთ ამ ადგილების მოძებნას და დამატებით კიდევ წარმოდგენილი იქნება ქალაქის სხვადასხვა რაიონებში ასეთი ადგილები. მგონია, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. დედაქალაქის ვერცერთმა მთავრობამ ვერ გაბედა და ვერ განახორციელა ეს რეფორმა. საზოგადოების მხარდაჭერით მოსახლეობის თანადგომით ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ეს ყველაფერი კეთდება ხალხის საკეთილდღეოდ. პარალელურად ვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემოგვყავს ახალი ავტობუსები, უნდა დავამატოთ კიდევ მეტროს ვაგონები, მოვაწესრიგოთ მეტროსადგურები. 2019 წლის ბოლოსთვის დედაქალაქს ეყოლება აბსოლუტურად განახლებული ავტობუსების პარკი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ პოპულარული, კომფორტული და რაც შეიძლება სწრაფი, რომ გადაადგილება იყოს ქალაქში ყველაზე მოხერხებული”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც მძღოლებს 35 ლარი დაუჯდებათ. ამასთან, 2019 წლის ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება. ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ტაქსებს, რომლებიც ლიცენზიას 10 ოქტომბრამდე აიღებენ, გადაღებვის ვაუჩერს მერია უფასოდ გადასცემს.