დახარჯული 1 მილიონი და ხარვეზებით დასრულებული წყლის პროექტი ახალციხის სოფელ კლდეში

741

სტატიის გაგრძელება

ახალციხეში, სოფელ კლდეში სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისთვის 1 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა მოსახლეობა სარწყავი სისტემით ვერ სარგებლობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სოფელ კლდეში მცხოვრებმა გურამ წიქარიშვილმა წელს სიმინდი იმ იმედით დათესა, რომ ნაკვეთს მორწყავდა და ორმაგ მოსავალს მიიღებდა, თუმცა არ გაუმართლა. როგორც ამბობს, ახლადრეაბილიტირებულ სარწყავი წყლის სისტემამ, რომლის მშენებლობაც გასულ წელს დასრულდა, ვერ იმუშავა.

“ორჯერ მეტ მოსავალს მივიღებდი წყალი რომ ყოფილიყო. 2017 წელს გააკეთეს, მილიონზე მეტი დაიხარჯა, მაგრამ ჩვენ მაინც არაფერი გვეშველა. ამ წყალს 200 ჰექტრამდე უნდა მოერწყა, მაგრამ არ მუშაობს. ამბობენ, ერთკილომეტრიანი მილია დაზიანებული და ის არის შესაცვლელი, მოსახლეობამ უნდა ააგროვოთ ფული და შეცვალოთო, თქვენ იანგარიშეთ ახლა რა დაუჯდება იმისი შეკეთება მოსახლეობას. ვის აქვს მაგისი ფული“, – ამბობს სოფელ კლდეში მცხოვრები გურამ წიქარიშვილი.

ახლადრეაბილიტირებულ სარწყავ სისტემის ხერვეზებზე სოფელში თითქმის ყველა ადგილობრივი ჩივის: „მარტო მილი კი არა მთლიანად ახლადაა გასაკეთებელი ყველაფერი. ბეტონის არხებში სახანძრო მანქანებით გაუშვეს წყალი და უკან წამოვიდა, არ იმუშავა, აღმართზე წყალი როგორ წავა?! თან კომუნისტების დროს ეს არხი უფრო განიერი იყო, ახლა პატარაა და ვის ეყოფა აქ გამოსული წყალი?!“

საქართველოს მელიორაციის დაფინანსებით, სოფელ კლდეში 2016–2017 წლებში რეაბილიტაცია მექანიკური აწევის სარწყავი სისტემის სატუმბი სადგურს და სარწყავ ქსელს ჩაუტარდა. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა, რისთვისაც ჯამში 1 336 250 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული სატუმბით ნაკვეთებს წყალი მდინარე ფოცხოვიდან უნდა მიეწოდოს.

პირველ ეტაპზე სატუმბი სადგური, სატრანსფორმატორო შენობა, წყალმიმყვანი და წყალგამშვები და მაგისტრალური არხები აღდგა, ასევე, მოეწყო განამაწილებელი, მიმღები და ჩამქრობი ჭები, შემოიღობა სატუმბი სადგურიც. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს “მამისონმა“ 1 295 250 ლარად შეასრულა.

შემდეგი ეტაპზე, 2017 წელს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის სამუშაოები ჩატარდა, ამისთვის ტენდერში გამარჯვებულმა შპს “ქსელმშენმა“ 41 000 ლარი დახარჯა.

საბოლოო ჯამში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია 2017 წლის ნოემბერში დასრულდა, თუმცა ქსელი ექსპლუატაციაში ერთი წლის გასვლის შემდეგაც არ შესულა.

საქართველოს მელიორაციაში ადასტურებენ, რომ “პროექტის განხორციელებისას მშენებლმა გარკვეული შეუსაბამობები დაუშვა“. თუმცა კონრეტულად რაზეა საუბარი ორგანიზაციაში არ აკონკრეტებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხდებენ, რომ ხარვეზები უკვე აღმოფხვრილია და უახლოეს პერიოდში სატუმბი სადგურის სატესტო რეჟიმში ჩართვაც დაგეგმილია: “მიმდინარე თვეში დავტესტავთ როგორ მუშაობს სატუმბი სადგური. ჩვენი ამოცანაა მომავალ სარწყავ სეზონზე წყალი მივაწოდოთ მოსახლეობას“.

კლდის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, რომლითაც წნისელების ბაღებიც უნდა მოირწყოს, 2017 წლის ნოემბერში დასრულდა. რეაბილიტირებული სისტემით 320 ჰექტარი უნდა გასარწყავიანდეს. ერთი ჰექტრის მორწყვა ადგილობრივებს 75 ლარი დაუჯდებათ. სისტემის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობას შპს ‘საქართველოს მელიორაცია“ იღებს.

გარდა კლდე–წნისის სარწყავი სისტემისა, შპს “საქართველოს მელიორაციამ“ ბოლო ექვსი წლის გამავლობაში სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 18 პროექტი დაასრულა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა 7 622 ჰექტარზე.

“დღეისათვის მიმდინარეობს ოთხი პროექტის განხორციელება, რომლის განხორციელების შემდეგ რეგულარულად მოირწყვება 1 315 ჰექტარი, ხოლო წყლის მიწოდება გაუმჯობესდება 1 400 ჰექტარზე“– აცხადებენ “საქართველოს მელიორაციაში“.