“ქართული ოცნების” ყოფილი გუბერნატორი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს

964

შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

სამხარაძე შიდა ქართლში რწმუნებულ-გუბერნატორად 1 წლის განმავლობაში – 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის აპრილამდე მუშაობდა, შემდეგ კი მან თანამდებობა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს გაუცვალა და ამ პოსტზე სამი თვე იმუშავა – 2018 წლის 26 ივლისს ახალმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ, სხვა გუბერნატორებთან ერთად, ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სამხარაძე, შიდა ქართლის გუბერნატორობისას, არაერთხელ გაეხვა სკანდალში. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გორის მაშინდელი გამგებელი დავით ონიაშვილი მას და საქართველოს პარლამენტის წევრს, “ქართული ოცნების” რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელს, დიმიტრი სამხარაძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა.

გუბერნატორად მუშაობისას, კახა სამხარაძეს სატელეფონო ლიმიტად 400 ლარი ჰქონდა დამტკიცებული, მისი ავტომანქანის ჯარიმები კი გორის მერიის გადასახდელი გახდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის თანახმად, 2017 წელს კახა სამხარაძემ, შიდა ქართლის გუბერენატორობისას, ხელფასის გარდა, დანამატის სახით 32 303 ლარი, პრემიის სახით კი 2 950 ლარი აიღო.

2015-2016 წლებში სამხარაძე იყო “ქართული ოცნების” რეგიონული სამსახურის შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული კურატორი; მანამდე, 2014-2015 წლებში – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე; 2013-2014 წლებში – შპს „როგო ჯგუფის” დირექტორი. ამავე წლებში მუშაობდა შპს “ჯი-ემ-თი” სასტუმროების ქსელის („თბილისი მარიოტი”) კონსულტანტად შიდა უსაფრთხოების საკითხში; 2010-2012 წლებში კი შპს „ქარვასლა თბილისი მენეჯმენტის” (სავაჭრო ცენტრი ქარვასლა) დირექტორის მოადგილედ.

2007-2010 წლებში სამხარაძე იყო შპს “დაცვისა და უსაფრთხოების ელიტარული სამსახური გისსონის” ტექნიკური დირექტორი; 2003-2007 წლებში – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი/ბაქო-თბილისი-ერზრუმი ნავთობისა და გაზის მილსადენების მშენებლობის პროექტის მილსადენის მშენებლობის უშიშროების ოფიცერი, მილსადენის უშიშროების მენეჯერის მოადგილე.

2002-2003 წლებში იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი, მანამდე კი ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის უსაფრთხოების მენეჯერი.

როგორც ცნობილია, “ქართულ ოცნებას” 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი წარდგენილი არ ჰყავს და მან არჩევნებში მხარდაჭერა დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა. დღეს კი ირკვევა, რომ მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი “ქართული ოცნების” წარმომადგენელია. მანამდე მმართველმა პარტიამ მხარდამჭერ ბიზნესმენებს მოუწოდა, პარტიის ნაცვლად შემოწირულობა ზურაბიშვილისთვის გაეკეთებინათ.