აწყურში ნახევარმილიონზე მეტი დაიხარჯა, სოფლის ნაწილს კი ისევ დაბინძურებული წყალი მიეწოდება

1511

სოფელ აწყურში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში წყლის პრობლემების გადასაჭრელად ხუთი პროექტი განხორციელდა და ნახევარმილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა თითქმის სოფლის ნახევარს ისევ დაბინძურებული წყალი მიეწოდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხეში, სოფელი აწყური წყლით ორი ძირითადი სათავე ნაგებობიდან “ხულევა ხევიდან“ და “ველის წყლიდან“ მარაგდება. 2014 წლიდან დღემდე ორივე მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა.

პირველი პროექტი ორივე სათავე ნაგებობაზე სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას გულისხმობდა. მის ფარლგებში დაზიანებული მაგისტრალის დემონტაჟი განხორციელდა და წყლის გამანაწილებლებზე დაერთებული სხვადასხვა დიამეტრის მქონე მილები ერთი დიამეტრის მქონე მილებით შეიცვალა. ამისთვის ბიუჯეტიდან 31 480 ლარი დაიხარჯა.

ორი წლის შემდეგ აწყურში წყლის პრობლემების გადასაჭრელად კიდევ ორი პროექტი განხორცილდა. ერთი “ველის წყლის“ სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეეხებოდა. ასევე, აქ არსებული სათავე ნაგებობის ზემოთ კიდევ ერთი ახალი სათავე ნაგებობა დაემატა. ხოლო მეორე პროექტი, ორივე სათავე ნაგებობაზე ძველი მაგისტრალური მილების ახლით შეცვლას გულისხმობდა. ორივე პროექტისთვის ჯამში ბიუჯეტიდან 245 741 ლარი გაიწერა.

მიუხედავად დამატებული სათავე ნაგებობებისა და შეცვლილი მაგისტრალისა, აწყურში წყლის პრობლემების მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან 268 404 ლარის გამოყოფა 2017 წელსაც მოუწიათ. ამჯერად პროექტი სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობას, ასევე „ციხის უბანსა“ და „რკინიგზის უბანში“ შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაობს გულისხმობდა.

დახარჯული ასობით ათასი ლარის მიუხედავად აწყურში თითქმის მოსახლეობის ნახევრისთვის არაფერი შეცვლილა. მათ ვინც სასმელ წყალს “ველის წყლებიდან“ იღებს ისევ დაბინძურებული წყალი მიეწოდება.

სოფელში დღეს, პირველ ოქტომბერს წყლის კიდევ ერთი პროექტი სრულდება. თუმცა, ის “ველის წყლის“ სათავე ნაგებობასა და სისტემას არ ეხება. ამიტომ მათთთვის ვინც “ველის წყლით“ სარგებლობს არაფერი შეიცლვება. პროექტი გაღმა აწყურში, “ციხის უბნისა“ და “რკინიგზის უბნის“ მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებას ითვალისწინებს და ამისთვის 107 300 ლარი იხარჯება. მის ფარგლებში, თისელის მთაში, “ხულევის ხევში“ არსებული წყაროები კაპტაჟების საშუალებით შეირკიბება. ამის გარდა პროექტით მოეწყო წნევის ჩამქრობი ჭები და დაზიანებული მაგსიტრალური მილსადენი შეიცვალა.

“პირუტყვი არ სვამდა იმ წყალს, ჩვენ რომ წყალი გვქონდა. სოფელში ვცხოვრობთ მაგრამ წყალს ვყიდულობდით. ეს არ იყო კარგი გაკეთებული საქმე, ჯერ გააკეთეს შიდა ქსელები და მერე გააკეთეს სათავე ნაგებობა. სამი დღეა რაც წყალი დასუფთავდა. აბანოები, ონკანები დალუქულია ნაგვისგან“, – ამბობს გაღმა აწყურში, “ციხის უბანში“ მცხოვრები დოდო პლაჭიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აწყურში “ველის წყლის“ სათავე ნაგებობაზე მოწყობილი ავზები თავღიაა. ადგილბორივები ყვებიან, რომ აქედან წამოსული წყალს ხშირად ბალახებთან და ფოთლებთან ერთად ქვეწარმავლებიც კი მოყვება.