მაია ბითაძე: “გასულ კვირას გაკეთებული განცხადებები, სავარაუდოდ, შემაფერხებელი აღმოჩნდა კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის”

987

წინა სტატია

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით კონკურსის ჩავარდნაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ის ფიქრობს, რომ შესაძლოა, კონკურსში მონაწილეობისგან კომპანიებმა თავი მის პირობებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო შეიკავეს.

„ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ, შესაძლოა, წინა კვირაში გაკეთებული განცხადებები გახდა შემაფერხებელი გარემოება იმ პრეტენდენტებისთვის, რომელთაც სურვილი ჰქონდათ, რომ კონკურსში მონაწილეობა მიეღოთ. შესაძლოა, ამის გამო მათ პირველ ეტაპზე გადაიფიქრეს და უარი თქვეს. თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ძალიან წარმატებით ჩავატარებთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, გაუგებარია აჟიოტაჟი, რომელიც ვაკის პარკთან დაკავშირებული კონკურსის ჩავარდნას მოჰყვა.

„ეს არის სისტემა, რომელიც სახელმწიფოში შესყიდვების კანონმდებლობით მუშაობს. კონკურსი ხან შედგება, ხან – არა. ეს ჩვეულებრივი პროცესია და არანაირად არ ქმნის არც აჟიოტაჟის, არც მითქმა-მოთქმის საფუძველს. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში კვლავ გამოცხადდება კონკურსი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პრეტენდენტები კვლავ მიიღებენ მონაწილეობას“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

ბითაძის თქმით, ვაკის პარკის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოცხადებული კონკურსი ამჯერად ვერ შედგა, თუმცა, წარმატებით ჩაიარა ვერის ბაღის კონკურსმა. “წარმოდგენილ საკონკურსო წინადადებას მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია შეაფასებს”, – განაცხადა მერის მოადგილემ.

როგორც ცნობილია, ვერის ბაღის რეაბილიტაციის პროექტის შექმნასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ – შპს “არქიტექტორები.ჯი2”-მა მიიღო.