კალაძე: 2019 წლის ბოლოსთვის დედაქალაქში 500-მდე ახალი ავტობუსი შემოვა

660

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს შეხვდა.

მერიის ცნობით, თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დედაქალაქში განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტებსა და სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

კახა კალაძემ დელეგაციის წევრებს მუნიციპალური პროექტები გააცნო, რომელთა შორის ყველაზე პრიორიტეტულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის განახლება დაასახელა.

მისი თქმით, პროექტების განხორციელების პროცესში ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანი იქნება.

“ჩვენთვის ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი ავტობუსების პარკის სრულად განახლებაა. ამ მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ და 2019 წლის ბოლოსთვის დედაქალაქში 500-მდე ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი შემოვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მერიაში აცხადებენ, მხარეები უახლოეს მომავალში ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, სადაც სატრანსპორტო სისტემის განახლებასთან დაკაშირებული სხვადასხვა პროექტის დაფინანსების საკითხები უფრო კონკრეტულად განიხილება.