თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერის პოსტზე მმართველი პარტიის კანდიდატად, არაოფიციალურად, იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი გიორგი ჭიღვარია განიხილება.

1079

თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერის პოსტზე მმართველი პარტიის კანდიდატად, არაოფიციალურად,  იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი გიორგი ჭიღვარია განიხილება. 

ჭიღვარია  განმარტავს, რომ ჯერ აღნიშნულ თემაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა შემოთავაზების შემთხვევაში, წინადადებას მიიღებს.

“მე ვარ გუნდურად მოთამაშე და ვიზიარებ გუნდის მოსაზრებებს, ისევე როგორც, მივიღებ ამ გამოწვევას, თუ გუნდი მოითხოვს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ვინ შეიძლება იყოს კანდიდატად დასახელებული” – განაცხადა მან. 

გიორგი ჭიღვარია “ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს საპარლამენტო არჩევნების დროსაც იკავებდა. თუ შედეგებს გადავხედავთ,  მმართველმა პარტიამ ქუთაისის ვერცერთ ოლქში პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა, ასევე შედარებით დაბალი პროცენტი აჩვენა პროპორციულ სიითაც. 

ფაქტს გიორგი ჭიღვარია დემოკრატიული მმართველობით ხსნის.

“ქართულმა ოცნებამ” კარგი შედეგი აჩვენა საპარლამენტო არჩევნების დროს, რაც დაკავშირებული იყო დემოკრატიულ მართვასთან. ჩვენმა გუნდმა ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები და არ მოუხდენია ხელების გადაგრეხვა, წინა ხელისუფლების მსგავსად”, -განაცხადა  ჭიღვარიამ.

“დემოკრატიული მმართველი” თავად ფიგურირებდა იმ ინციდენტში, რაც 8 ოქტომბრის არჩევნების ღამეს მოხდა ქუთაისში. საქმე ეხება #90–ე საარჩევნო უბანთან მომხდარ  სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელიც   „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს შორის განვითარდა. უბანზე იმყოფებოდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი, ასევე „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის თავმჯდომარე და იმერეთის ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია. ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო და დაიკითხა ყველა პირი,  ვინც ინციდენტში მონაწილეობდა.

 აღსანიშნავია, რომ მისი კანდიდატურა საპარლამენტო არჩევნების დროს მაჟორიტარი დეპუტატობის პოსტზეც  განიხილებოდა, თუმცა მმართველი პარტიის მიერ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების დასახელება არ მოხდა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად პარტიისაგან სრულიად  შორს მყოფი ადამიანები შეარჩიეს.

მერობის სავარაუდო კანდიდატად ანიხილება ქალაქის ამჟამინდელი მერიც.

გიორგი ჭიღვარიას ინფორმაციით, პარტია კანდიდატებს ოფიციალურად, სავარაუდოდ, აგვისტოში წარადგენს.

წყარო: ნიუპრესი