ჭიათურის მერი გადადგა

1440

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ჭიათურის მერმა, პაატა ნადირაძემ თანამდებობა დატოვა.

ნადირაძე გადადგომის კონკრეტულ მიზეზებზე ამ დროისთვის არ საუბრობს და აცხადებს, რომ მიზეზებთან დაკავშირებით განცხადებას მომავალში გააკეთებს.

პაატა ნადირაძე ჭიათურის მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა, მანამდე ის იმერეთის პირველი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.

ინფორმაცია, რომ ნადირაძე თანამდებობას დატოვებდა, droa.ge-მ ჯერ კიდევ ივლისში მოიპოვა და გამოაქვეყნა, მაშინ, როცა ახალმა პრემიერმა ბახტაძემ გუბერნატორები გადააყენა. სამხარეო რწმუნებულების შეცვლის შემდეგ დღის წესრიგში იმ მერების საკითხი დადგა, ვინც მაჟორიტარ დეპუტატებთან კონფლიქტში იყვნენ. მათ შორის პაატა ნადირაძეც იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ნადირაძე ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძის კადრად ითვლებოდა და მას მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ნადირაძის მხარდამჭერები სწორედ მახათაძის პროვოკაციას უკავშირებენ 13 ივლისს მომხდარ ინციდენტს, რომელიც ჭიათურაში, რესტორან “შუა გზაში” მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჭიათურის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რესტორანში მყოფ მოქალაქეს სცემეს. ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა ასანიძე თანამდებობიდან გადადგა. დღეს კი პოსტი ჭიათურის მერმაც დატოვა.

უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა აღნიშნულ ინციდენტს ან პარლამენტის მაჟორიტართან დაპირისპირებას, ამაზე განმარტება პაატა ნადირაძეს ჯერ არ გაუკეთებია.

ნადირაძე უკვე მეორე პირდაპირი წესით არჩეული მერია, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ორი კვირით ადრე, 12 სექტემბერს, გადადგომის შესახებ განცხადება ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ გააკეთა. მასთან ერთად პოსტიდან წავიდა გოგიას პირველი მოადგილეც. როგორც გაირკვა, ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს.

droa.ge-ს ინფორმაციით, გოგია და ნადირაძე არ არიან ბოლო მერები, ვინც “საკუთარი განცხადების საფუძველზე” წასვლას მალე გადაწყვეტენ. გამოცემა მიადევნებს თვალს ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებს და ანალიზს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.