თბილისის მერია უზნაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას მოითხოვს

909

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ, უზნაძის ქუჩაზე აგვისტოს დასაწყისში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას მოითხოვს. მისი თქმით, კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები დაიწყო, თუმცა შემდეგ მიატოვა და დღეს უზნაძის ქუჩა გადათხრილია. კალაძემ მოადგილეს დაავალა, მერიაში დაიბარონ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები, რათა დროულად დასრულდეს სამუშაოები.

“ბოლო პერიოდში, ვისაც უზნაძის ქუჩით უწევს სარგებლობა, ყველა წუხს, რომ ამ ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ დაუსრულებელია. როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე პირადად ჩემთვის, მსგავსი ფაქტები და გამოვლენილი უპასუხისმგებლობა სრულებით მიუღებელია.

აღნიშნული სამუშაოები უნდა აწარმოოს კონტრაქტორმა კომპანია “კავთამ“, რომელმაც მიმდინარე წლის ივლისის თვეში გაიმარჯვა ტენდერში და ხელშეკრულებით დაევალა უზნაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია.

აღნიშნულმა კომპანიამ უზნაძის ქუჩაზე დაიწყო სამუშაოები, თუმცა მალევე მიატოვა სამშენებლო არეალი და აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კერძოდ, სამუშაოების წარმოების გრაფიკის ჩამორჩენის გამო, რამდენჯერმე დაჯარიმდა კიდეც.

განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის ფაქტი, რომ ამ ქუჩაზე მდებარეობს საჯარო სკოლა და რაც დაიწყო ახალი სასწავლო წელი, მას შემდეგ ბავშვებს ექმნებათ გადაადგილების პრობლემა. მეტიც – ტერიტორია საფრთხის შემცველია ზოგადად ქვეითებისთვის. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ვავალებ ჩემს მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს, რომ დაიბაროთ აღნიშნული კომპანია და მისცეს მას გონივრული ვადა, რათა სასწრაფოდ დაასრულოს სამუშაოები უზნაძის ქუჩაზე“, – განაცხადა კალაძემ.