კალაძე: თბილისში თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ

973

წინა სტატია

თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში სპეციალური პარკირების ადგილები გამოიყოფა, რომელიც მათთვის უფასო იქნება. ამასთან, მისი თქმით, მძღოლებს მანათობელი ტაქსის ნიშანი უფასოდ დაურიგდებათ, რომელსაც მერია დაამზადებს.

“ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. საუბარია ფერზე და ჩვენ ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თეთრი ფერი იყოს ტაქსებისთვის სავალდებულო.

2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი ავტომობილები და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას.

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური პარკირების ადგილები, რომელიც იქნება მათთვის უფასო.

გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე ექნებათ გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის გაკეთება და რეკლამიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ასევე, მანათობელი ტაქსის ნიშანი, რომელსაც დაამზადებს მერია, ტაქსებს გადაეცემათ უფასოდ“, – აღნიშნა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ლიცენზიის გარეშე ტაქსის სერვისის გაწევის შემთხვევაში მძღოლები დაჯარიმდებიან.