თაღლითობისთვის გასამართლებული, მაგრამ თანამდებობაშენარჩუნებული მაღალჩინოსნები, საპროცესო შეთანხმებები და კითხვები, რომლებსაც პასუხს არავინ სცემს

1592

შემდეგი სტატია

ავტორები:

რუსა მაჩაიძე, მაგდა პოპიაშვილი

ხონის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები მიწას უკანონოდ, დოკუმენტების გაყალბებით ასხვისებდნენ. ეს ფაქტი პროკურატურამ გამოიძია და სასამართლოს გადასცა. სასამართლოში კი მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ამ პირებმა  ფული გადაიხადეს და სამსახურს აგრძელებენ, რაც, იურისტთა განმარტებით, ცალსახად კანონდარღვევაა.

ხონის  მერი კი აცხადებს, რომ მან გამოძიების შესახებ, რომელიც 2 წელი მიმდინარეობდა, მხოლოდ ყურმოკვრით იცოდა, განაჩენი ჯერ არ მიუღია და შესაბამისად, რეაგირებასაც ამ დრომდე ამიტომ არ ახდენს. საპროცესოგაფორმებული პირები დღემდე სამსახურში რჩებიან და  ხელფასს იღებენ. ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ გამოძიების მიმდინარეობისას დაწინაურდა და ახლა მერის პირველი მოადგილეა.

საინტერესო დეტალია ისიც, რომ ხონის ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალჩინოსნებმა მიწა უკანონოდ ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილის ცოლზე გაასხვისეს. ყოფილ მაღალჩინოსანს აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაშიც აქვს შეტანილი.

რა ედებათ ბრალად ხონის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებს?

საქმე ეხება ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხში მიწის უკანონოდ, დოკუმენტების გაყალბებით გასხვისებას. როგორც droa.ge-მ გაარკვია, საქმე 2016 წელს აღიძრა. მას ჯერ პროკურატურა, შემდეგ კი სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური სწავლობდა.

სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში droa.ge-ს განუცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ადგილზე საქმის შესასწავლად საგამოძიებო ჯგუფი იყო გაგზავნილი. ორი წლის შემდეგ კი, როცა გამოძიება დასრულდა, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგობლობით სასამართლოს მიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ხონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე მაღალჩინოსანზე. ესენი არიან: ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, მიწის განკარგვის კომისიის თავმჯდომარე, ზაზა რუხაძე, მერის პირველი მოადგილე, გელა ჩოგოვაძე (ჩოგოვაძე იმ დროისთვის ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და აღრიცხვის სამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობდა. მერის მოადგილის პოსტზე კი ის 2017 წლის სექტემბერში დაინიშნა), კომისიის წევრებზე: დათო კირთაძესა და ოთარ ბენდელიანზე.

პროკურატურის ინფორმაციით, სადაც  საქმეში მონაწილე პირები ინიციალებით არიან აღნიშნული, ნ.გ-ს, ზ.რ-ს, გ.ჩ-ს, ო.ბ-ს და დ.კ-ს, დანაშაული დაუდგინდათ. ინიციალები კი  ემთხვევა  ზემოთნახსენებ პირებს. ესენი არიან: ზაზა რუხაძე (საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე), გელა ჩოგოვაძე (გამგეობის სამსახურის უფროსი), ოთარ ბენდელიანი (ხონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი) და  დათო კირთაძე (ხონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი). ნ.გ. კი droa.ge-ის ინფორმაციით, სწორედ გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილის მეუღლე ნინო ქაროსანიძეა, რომელსაც მიწა საბუთების გაყალბებით გადაეცა.

პროკურატურის ინფორმაციით, მიწის უკანონოდ გადაცემის ფაქტი 2015 წლის დეკემბერში მოხდა. საუბარია ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. კინჩხაში მდებარე 5371.5 კვ.მ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

პროკურატურის ინფორმაციით, ნ.ქ-ს (ნინო ქაროსანიძეს – ხონის გამგებლის მაშინდელი პირველი მოადგილის, ოთარ ქაშიბაძის მეუღლეა) სსსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 5000 ლარი. მასვე უსასყიდლოდ ჩამოერთვა თაღლითურად დაუფლებული მიწა.

სსსკ-ის 180-ე  მუხლი არის თაღლითობის მუხლი, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი კი გულისხმობს  დიდი ოდენობით ჩადენილ დანაშაულს, რაც ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

სსსკ-ის 362-ე მუხლი კი არის „ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება“. ამ მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი კი გულისხმობს  „იგივე ქმედებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“. ეს ქმედება კი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

ზ.რ.-ს (ზაზა რუხაძეს) და გ.ჩ-ს (გელა ჩოგოვაძეს) სსსკ-ის 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის  „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით განესაზღვრათ პირობითი მსჯავრი 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 3000 ლარი.

სსსკ-ის 180-ე მუხლი მე-3 ნაწილის  „ა“ ქვეპუნქტი არის „თაღლითობა, ჩადენილი  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“. ეს ქმედება ისჯება „ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე“.  „ბ“ ქვეპუნქტი კი გულისხმობს  „იგივე ქმედებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“. ეს ქმედება კი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

ო.ბ.-ს (ოთარ ბენდელიანი) და დ.კ.-ს (დათო კირთაძე) კი  სსსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით შეეფარდათ ჯარიმა 2000 ლარი.

სსსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილი  გულისხმობს სამსახურეობრივ გულგრილობას, რომელიც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ აგვისტოს  დასაწყისში განიხილა და როგორც droa.ge-ს სასამართლოში განუცხადეს, ბრალდების მხარემ მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ ამ პროცესში მონაწილეობდა.

როგორც ადგილობრივი მედია  წერს, საგამოძიებო სამსახურსა და ამ პირებს შორის შუამავალი საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე იყო და უწყებასთან მოლაპარაკებას სწორედ ის აწარმოებდა.

როგორც უკვე გითხარით, საქმეში ფიგურირებს გამგებლის მაშინდელი პირველი მოადგილის, ოთარ ქაშიბაძის მეუღლეც, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მიწა მისი ცოლის სახელზე მხოლოდ გააფორმეს, რეალურად კი ქაშიბაძეს მისცეს. ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ საგამოძიებო ორგანოებს ქაშიბაძის მიმართ კითხვები არ გასჩენიათ – ხომ არ გამოიყენა ბოროტად საკუთარი უფლებამოსილება იმდროინდელმა მაღალჩინოსანმა? პასუხისგება კი, მართალია, პირობითი მსჯავრით, მაგრამ მაინც მის ცოლს მოუწია. ქაშიბაძის 2016 წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი და მისი მეუღლის სახელზე იმ დროისთვის 2 საცხოვრებელი სახლი ხონში, 1 ბინა – თბილისში, 1 არასაცხოვრებელი ფართი ხონში და 6 მიწის ნაკვეთია (ქალაქ ხონსა და მუნიციპალიტეტის 2 სოფელში) რეგისტრირებული. ჯამში, 2016 წელს ქაშიბაძეების უძრავი ქონება 17 678 კვ.მ. იყო, საიდანაც თაღლითურად მითვისებული 5372 კვ.მ-ის ქონება მიმდინარე წლის აგვისტოში ჩამოერთვათ.

რატომ ინარჩუნებენ ხონის მაღალჩინოსნები თანამდებობებს და რატომ არ მოითხოვა პროკურატურამ მათი გათავისუფლება გამოძიების მიმდინარეობისას?

ხონის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები, მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული დადგენილია და მათ ეს აღიარებული აქვთ (სხვა შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმება ვერ გაფორმდებოდა), თანამდებობებს ისევ ინარჩუნებენ. რატომ არ შეუწყდა ამ დრომდე უფლებამოსილება მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, ამ დრომდე უცნობია.

ხონის მერი ამბობს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო, მუნიციპალიტეტს ოფიციალურად განაჩენი არ მიუღია და შესაბამისად, არც რაიმე ღონისძიება გაუტარებია.

„როდესაც ოფიციალურად მოვა ჩემთან უწყება, რაღაც ღონისძიებებს გავატარებ, რა თქმა უნდა. ოფიციალური ინფორმაცია არ მოსულა. ჩემთვის კანონი არის ამოსავალი და ყველა ის ნორმატივი, რაც გააჩნია კანონს. როდესაც ოფიციალურად შემოვა ინფორმაცია, ამის შემდგომ ვისაუბროთ დეტალურად. კანონიდან გამომდინარე, თუ რაიმე ვალდებულება მექნება, ამ ღონისძიებებს გავატარებ,“  – განუცხადა ხონის მერმა, ლადო ჯურხაძემ, „ინტერპრესნიუსს“.

იურისტები droa.ge-თან საუბრისას აცხადებენ, რომ მერის პოზიცია გასაგებია, თუმცა, გაუგებარია, თავად გამოძიების პროცესში საგამოძიებო ორგანოებმა რატომ არ დააყენეს მათი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

„როდესაც გამოძიებისას საქმე საჯარო მოხელეებს ეხება, როგორც წესი, პროკურატურა იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და გამოძიების პროცესშივე, გამოძიების შედეგის დადგომამდე, ამ ბრალდებულებისა თუ  განსასჯელების თანამდებობიდან ჩამოცილებას მოითხოვს სასამართლოსგან და ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. ეს არის იმ ტიპის ღონისძიება, რომელსაც, როგორც წესი, ყველა გამომძიებელი იყენებს, როდესაც საქმე შეეხება საჯარო მოხელის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების დროს ჩადენილ დანაშაულს. ეს იმისთვის ხდება, რომ ამ  საჯარო მოხელემ ხელი არ შეუშალოს გამოძიებას. ეს შედის გამოძიების ინტერესში და მისი პრეროგატივაა ამის უზრუნველყოფა“,- ამბობს იურისტი ლევან ალაფიშვილი.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 107-ე მუხლის თანახმად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლებს შორის არის მოხელის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა. ამ შემთხვევაში კი, გამამტყუნებელი განაჩენი ძალაშია შესული, რადგან საპროცესო შეთანხმება სწორედ ამის საფუძველზე დგება და ის არავის გაუსაჩივრებია.

თუმცა, როგორც ლევან ალაფიშვილი განმარტავს, ეს ნორმა კი არსებობს, მაგრამ  განაჩენის გამოტანის შემდეგ არა აქვს ვალდებულება არც ერთ უწყებას, რომ შეატყობინოს დამსაქმებელს ამის შესახებ. თუმცა, მისივე განმარტებით, მერს ახლა უკვე აქვს ინფორმაცია და ვალდებულია, რომ გადაამოწმოს და იმოქმედოს შესაბამისად, ხოლო მედიას და საზოგადოებას უკვე შეუძლია, რომ მერს მოსთხოვოს პასუხი, თუ რატომ რჩებიან ეს ადამიანები სამსახურში. ხონის მერს კი ამ თემაზე საუაბრი აღარ სურს.

გაცილებით დიდ პრობლემას ლევან ალაფიშვილი იმაში ხედავს, თუ რატომ არ მოითხოვა პროკურატურამ ამ პირების სამსხურიდან გათავისუფლება საქმის წარმოების პროცესშივე. 

„რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მიმართეს ამ მოთხოვნით ხონის მუნიციპალიტეტს, ამაზე პასუხისმგებლობა, როგორც წესი, პროკურატურაზეა და, თუკი არ მოითხოვეს, ეს უნდა გახდეს გამოძიების საგანი, თუნდაც შიდა მოკვლევის დონეზე და ამის შემდეგ გამოიკვეთება კონკრეტული პასუხისმგებელი პირები. ამიტომ  ამაზე პასუხი პროკურატურამ უნდა გასცეს,“ – ამბობს  იურისტი.

გარდა ამისა, ის ამ საქმეში საპროცესო შეთანხმების გაფორმებას უკვე რისკის შემცველად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.  

„იმ პირობებში, როდესაც კორუფციასთან ბრძოლა უნდა იყოს სახელმწიფოს პირველი პრიორიტეტი, ამ საქმის საპროცესო შეთანხმებით დასრულება არის სერიოზული საფრთხე კორუფციის გაზრდისა იმიტომ, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში თავისთავად გააჩენს მოლოდინს, რომ, შესაძლოა, კორუფციისთვის სხვაც არ დაისაჯოს. ამ მხრივ ეს ძალიან სახიფათოა და ნებისმიერი ასეთი საპროცესო შეთანხმება ძალიან მაღალ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, თუ რომელი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ან რა ტიპის თანამშრომლებით, იქნა კორუფციული რისკი დაშვებული და რა მიიღო ამ საპროცესო შეთანხმებით საზოგადოებამ. იქნებ სამშობლოს ღალატის შემთხვევა გახსნეს, ან უფრო მაღალი თანამდებობის  პირი იქნა მხილებული და ა.შ? ის, რომ საქმის გამოძიებისას არ მოითხოვეს მათი გათავისუფლება და შემდეგ გააფორმეს  საპროცესო შეთანხმება, ასეთ კითხვებს აჩენს. თუ უპირობოდ, დასაბუთების გარეშე გაუფორმეს კორუფციის საქმეში მხილებულ პირებს საპროცესო შეთანხმება, არის სერიოზული რისკის შემცველი და სკანდალი ჩვენნაირი სახელმწიფოსთვის,“ – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

ფაქტია, ამ საქმეში ბევრი კითხვაა, მაგრამ პასუხი ამ კითხვებზე – არც ერთი. არც საგამოძიებო ორგანოები, არც სასამართლო და არც ადგილობრივი ხელისუფლება კითხვებზე პასუხს არ იძლევიან და მხოლოდ მწირი ინფორმაციითა თუ კომენტარით შემოიფარგლებიან. ეს კი, ცხადია, კიდევ უფრო მეტი კითხვისა და ეჭვის საფუძველს აჩენს -ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს, ერთი მხრივ, საპროცესო შეთანხმება გაფორმებოდათ და მეორე მხრივ, კვლავ შეენარჩუნებინათ თანამდებობები.

ხონის მოქალაქეები კი პასუხს, პირველ რიგში, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი ხელისუფლებისგან ელიან.

შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნებიდან 2 დღეში, 26 სექტემბერს, აღნიშნულმა პირებმა თანამდებობები დატოვეს.