საჯარო სამსახურში დასაქმება, შესაძლოა, წერით კონკურსში მიღებული უმაღლესი ქულებით მოხდეს

1890
ზომებში არ არის

საჯარო სამსახურში დასაქმება, შესაძლოა, წერით კონკურსში მიღებული უმაღლესი ქულებით მოხდეს, – ამ ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს მოქალაქე ივანე ბლუაშვილმა მიმართა. პარლამენტმა აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უკვე დაარეგისტრირა, ხოლო ბიურომ მისი განხილვა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დაავალა.

საკანონმდებლო წინადადების დასასაბუთებად მოქალაქე წერს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის დღეს მოქმედი კონკურსების წერითი მხარე ფორმალობას წარმოადგენს და უმეტესად, გასაუბრებით აჰყავთ თანამშრომლები, გასაუბრება კი ნეპოტიზმის ნიშნებს შეიცავს.

შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადების ავტორი მოითხოვს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 29-ე მუხლში შევიდეს ცვლილება და საჯარო სამსახურში თანამშრომელთა მიღება წერით კონკურსში მიღებული უმაღლესი ქულების საფუძველზე მოხდეს.

„ტესტები უნდა შედგებოდეს სამსახურის შესაბამისი კანონმდებლობის, სიმულაციებისა და საჭირო უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, დაცული იქნეს ტესტების კონფედენციალურობა; დამრღვევი პირი კი დაისაჯოს კანონის შესაბამისად”, – წერია საკანონმდებლო წინადადებაში.

მოქალაქე ბლუაშვილის წინადადებით, აუცილებლად უნდა აღდგეს სარეზერვო სიებიც. “კონკურსანტი, რომელიც ვერ მიიღებს სამსახურში მოსახვედრად საჭირო ქულებს, კონკურსიდან კონკურსამდე მოცემულ სამსახურში ვაკანსიის წარმოქმნის შემთხვევაში, მოხდეს უმაღლესი ქულის მქონე კონკურსანტის დანიშვნა. ასევე, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს სარეზერვო სიების რეალობა,“-აღნიშნულია წინადადებაში.