თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია უტარდება

1027

წინა სტატია

დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, გრუნტის სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, 150 მეტრის სიგრძეზე ეწყობა კიუვეტები (ასფალტის საფარიდან წყლის არიდების სისტემა), წყალმიმღები და წყალგადამშვები ჭები. საფუძვლის მოწყობის შემდეგ, 1.9 კმ. მონაკვეთზე 14 000 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაოებს კომპანია “ბელ-ბაუ” აწარმოებს და პროექტზე, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, საგზაო სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

“აქ გზა ფაქტობრივად არ არსებობდა, მხოლოდ გრუნტის საფარი იყო. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება გადავწყვიტეთ. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის მთლიანად უნდა დასრულდეს. ადგილზე სანიაღვრე სისტემა ეწყობა, ბოლო ეტაპზე კი, გზა მოასფალტდება. საუბარია დაახლოებით 2 კილომეტრიან მონაკვეთზე“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, თბილისი-ნაფეტვრების გზის მეორე ნაწილი მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

“დედაქალაქის მერია ხიდამდე მისასვლელ გზას აკეთებს. ხიდის იქით კი, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაა. ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. უახლოეს დღეებში ისინიც ტენდერს გამოაცხადებენ და ხიდის შემდგომი მონაკვეთიც გაკეთდება. აქ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, არის აგარაკები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.