ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

767

ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე მცხოვრებლები, ტროტუარების და სანიაღვრე არხების მოწყობას, სახლების დანომვრას და ბოძებიდან ჩამოყრილი სატელეფონო ხაზების გასწორებას ითხოვენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე მცხოვრები ცირა ყულჯანიშვილის სახლის საძირკველს წყალი ყოველი წვიმის შემდეგ აზიანებს: – “ჩვენ ქუჩაზე სახლების კიბეები დაბლა ჩადის, ანუ რამდენიმე საფეხურით ქვევით უნდა ჩახვიდე. სხვა ქუჩებიდანაც აქ გროვდება ნიაღვარი და მიმართულება თუ არ შეუცვალე სახლში შემოგივარდება“.

ყულჯანიშვილებმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახლში ჩასასვლელი კიბის სხვაგვარად მოწყობა გადაწყვიტეს, თუმცა, სარემონტო სამუშაოების დროს, სამშენებლო მასალის სახლამდე მიტანა გაუჭირდათ: – “ტელეფონის ხაზები ბოძიდან ძალიან დაბლაა ჩამოწეული, ამიტომ სატვირთო მანქანა ქუჩაზე ვერ შემოვიდა. ხელით ვზიდეთ ყველაფერი“.

მთაწმინდელის ქუჩაზე მცხოვრებლები ტროტუარებისა და სანაიღვრე არხების მოწყობასთნ ერთად, სახლების დანომვრასაც ითხოვენ.

“სტუმრებს ძალიან უჭირთ მოგნება ამ ქუჩის, ზედ არაფერი აწერია და ვერ იგებენ სად არიან“, – ამბობს ყულჯანიშვილის მეზობლად მცხოვრები ჰასმიკ აივაზიანი და ამატებს, რომ მათ უბანში, ასევე, აუცილებელია მწოლიარე პოლიციელის გაკეთება, – “მანქანები ძალიან სწარაფად მოძრაობენ, ბევრი ბავშვია და საშიშია”.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ადგილობრივებს მათ ქუჩაზე არსებული პრობლემების მოგვარების თხოვნით არ მიუმართავთ: – “არ შემოსულა განცხადება ჩვენთან. შევისწავლით მათ პრობლემებს და გავაკეთბთ ყველაფერს რასაც შევძლებთ”.

ინფორმაცია დაზიანებული სატელეფონო ხაზების შესახებ არც “სილქნეტში” ჰქონდათ: “დავაფიქსირებთ ამ საკითხს და გადავცემთ შესაბამის განყოფილებას, ამის შემდეგ ჯგუფი გავა ადგილზე და შეისწავლის პრობლემას“.