“მრავალეროვანი საქართველო”: ნინოწმინდის მერი, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად, სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს

“მრავალეროვანი საქართველო”, რომელიც სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება, აცხადებს, რომ ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი მერიის შენობაში იბარებს “ქართული ოცნების” აქტივისტებს და აძლევს დავალებებს სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ კამპანიასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებას წარმოადგენს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ორგანიზაციამ რეაგირებისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას მიმართა.

როგორც droa.ge-ს “მრავალეროვანი საქართველოს” საარჩევნო პროგრამების კოორდინატორმა, ირმა ბასილაშვილმა განუცხადა, ნინოწმინდის მერს ადმინისტრაციულ შენობაში საარჩევნო საკითხებზე აქტივისტებთან შეხვედრა არ შეუძლია.

“დღეს დილით დაგვიკავშირდა ჩვენი გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომელიც ნინოწმინდის ოლქში დაკვირვებას აწარმოებს. ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი არის ნინოწმინდის საარჩევნო შტაბის უფროსი, მას ეს საქმიანობა არ ეკრძალება, თუმცა, ჩვენი გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ის შტაბის აქტივისტებს მერიის შენობაში, საკუთარ კაბინეტში იბარებს და სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ კამპანიასთან დაკავშირებით დავალებებს აძლევს. როდესაც ეს მერიის შენობაში ხდება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა”, – თქვა ბასილაშვილმა.

droa.ge-ს კითხვაზე, აქვთ თუ არა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მასალა, ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა: “სამწუხაროდ, ჩვენს ეს ყველაფერი ინფორმაციის დონეზე გვაქვს და ამის მტკიცებულება არ გაგვაჩნია. მხოლოდ ფოტოსურათი რომ გადაიღო, სადაც რომელიმე აქტივისტი მერიაში შედის, არაფრის მომცემია. იტყვის, რომ, როგორც რიგითი მოქალაქე, ისე იყო მერიაში მისული. ვინაიდან ჩვენ ამის არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს, ამიტომ ვაცხადებთ, რომ ეს არის “სავარაუდო ინციდენტი”. თუმცა, ეს ინფორმაცია მერიიდან სანდო წყარომ მოგვაწოდა. სამწუხაროდ, ის ვერ შეძლებს აუდიოჩანაწერის გამოტანას, რომ აღნიშნული დარღვევა დავამტკიცოთ”.

თავად ანივარდ მოსოიანმა droa.ge-სთან საუბარში აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა და განაცხადა, რომ კაბინეტში არავის იბარებს და შესაბამისად, კანონიც არ დაურღვევია. “არც ვიბარებ და არც კი ვიცი, ვინ არიან აქტივისტები. მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა”, – თქვა ნინოწმინდის მერმა.

რა რეაგირებას ელოდება “მრავალეროვანი საქართველო” უწყებათაშორისი კომისიისგან? – ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, კომისიამ პრევენციის სახით რეაგირება უნდა მოახდინოს.

“უწყებათაშორის კომისიას მივმართეთ იმისათვის, რომ პრევენციის სახით რაიმე რეაგირება მოახდინოს, რათა შემდგომში ასეთი დარღვევები აღარ განმეორდეს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ პრევენციის სახით რაიმე ზომებს მიიღებენ. გვესმის, რომ დამადასტურებელი საბუთი არ გვაქვს, თუმცა, მოლოდინი იმის, რომ აღნიშნულ ფაქტს კომისიის მხრიდან რეაგირება მოჰყვება, ნამდვილად გვაქვს”, – განაცხადა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და NED-ის ფინანსური მხარდაჭერით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო და არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამას ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები