დავა 3 ლიტრი წყლის გამო – კასპის მერიას სასამართლოში უჩივიან

კომპანია “გაზტექმშენი” კასპის მერს მანუჩარ მერებაშვილს სასამართლოში უჩივის. მისი ხელმძღვანელი სოფელ გომში ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, თანხის ანაზღაურებას ითხოვს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მერიის შესაბამის სამსახურებში არაკომპეტენტური ადამიანები მუშაობენ და არარეალური მიზეზების გამო, თანხას არ იხდიან.

საქმე ეხება სოფელ ქვემო გომში ჩატარებულ სამუშაოებს. კომპანია “გაზტექმშენმა” 37 ათას ლარად სადრენაჟო სისტემა მოაწყო. სოფლის გამგებლის, კახა კაციაშვილის თქმით, დრენაჟიდან ნაცვლად 3 ლიტრისა, წამში 1,5 ლიტრი წყალი მოდის.

კაციაშვილთან ერთად, წყლის დებეტის ნაკლელობაზე საუბრობენ კასპის ზედამხედველობის სამსახურში.

მათი მოხსენებითი ბარათის თანახმად, მიმწოდებელმა სამუშაოები ინსპექტირების ჯგუფთან შეუთანხმებლად და პროექტის ავტორის წერილობითი თანხმობის გარეშე აწარმოა, რის შედეგადაც არ იქნა მიღებული წლის საკმარისი დებეტი. ამავე მოხსენებითი ბარათის თანახმად, სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ განხორციელდა და სადრენაჟე მილი არ იქნა მოწყობილი პროექტით გათვალისწინებულ ნიშნულზე.

კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ კასპის მერიის თანამშრომლები წყლის დებეტს მზიან და წვიმიან ამინდში ამოწმებდნენ:

“მაგათ, იცით რა დაწერეს? აი, წვიმიან ამინდში 3 ლიტრი მოდის და უნალექო პერიოდში 1 ლიტრიო. საიდან შეარჩიეს ასეთი კადრები? როგორ შეიძლება მიწის ქვეშა წყლებთან დაკავშირებით ასეთი განმარტება გააკეთო? რას ჰქვია ნალექის პერიოდში მეტი წყალი მოდის? გამოდის, რომ წვიმის წყალი მოდის დრენაჟიდან? თუ სპეციალისტები არიან, ასეთი რამ როგორ უნდა მოიფიქრონ” – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

სატენდერო პირობების მიხედვით, ახალი სადრენაჟო სისტემის მოწყობის შემთხვევაში, დრენაჟიდან სოფელს წამში დაახლოებით 3 ლიტრი წყალი უნდა მიიღოს. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ეს იყო მხოლოდ ვარაუდი, რომელიც თავის დროზე საპროექტო ორგანიზაციამ დაწერა.

დავას მერიასა და კომპანიას შორის სასამართლო განიხილავს. კასპის მერიაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვიცემერი კახა მარიდაშვილი კურირებს.

მსგავსი სიახლეები