ქუთაისში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზა რეაბილიტირდება

649

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო.

მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე ძველი საფარის აღება და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზამშენი 21-ე საუკუნე” ასრულებს. მათივე ინფორმაციით, ასფალტი არამხოლოდ სადგურის წინა, არამედ უკანა მხარეს არსებული ტერიტორიაზეც დაიგება. ამასთან, სადგურის მთელ  ტერიტორიაზე  მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემაც.

პროექტის ღირებულება 267 ათასი ლარია. როგორც მერიაში აცხადებენ,  სამუშაოები რამდენიმე თვე გაგრძელდება.

“ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. ჩვენ მოსახლოებას დავპირდით, რომ ადგილზე ასფალტის საფარს და სანიაღვრე სისტემას მოვაწესრიგებდით და მათთვის აქ გადაადგილება პრობლემა აღარ იქნებოდა.

უკვე დავიწყეთ სამუშაოები, რომელიც ადგილზე გზის საფარის და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას გულისხმობს. მოასფალტდება ავტოსადგურის არამხოლოდ წინა ნაწილი უკან მიმდებარე ტერიტორიაც”, – განაცხადა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.