ყვარლის მერიამ 4 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

645

როგორც ყვარლის მერიაში აცხადებენ, საჯარო მოხელეების შესარჩევად ღია კონკურსი ჩატარდება, რომელიც განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას მოიცავს. მერიის ინფორმაციით, კუჭატნის ადმინისტრაციულ ერთეულში უმცროსი სპეციალისტის პოზიციის გარდა, ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე აუცილებელია უმაღლესი განათლება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

“მერიაში ვაკანტურია კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებში უფროსი სპეციალისტის, კუჭატნის ადმინისტრაციულ ერთეულში უმცროსი სპეციალისტის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტისა და ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის საკითხებში უფროსი სპეციალისტის პოზიციები.

კუჭატნის ადმინისტრაციულ ერთეულში უმცროსი სპეციალისტის თანამდებიბის დაკავების მსურველს არ მოეთხოვება სამუშაო გამოცდილება. კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებში უფროს სპეციალისტს შესაბამისი მიმართულებით უნდა ჰქონდეს 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხოლო დანარჩენ 2 პოზიციაზე სავალდებულოა მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება”, – აცხადებენ ყვარლის მერიაში.

კონკურსში მონაწილების მსურველებს აღნიშნულ ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე მიმდინარე წლის 27 სექტემბრამდე შეეძლებათ.

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.