2017 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტში დანამატის სახით 2 მილიონ ლარზე მეტი გაიცა

650

2017 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი დანამატს ყოველთვიურად იღებდა, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია.

უწყების ცნობით, გასულ წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ “შრომის ანაზღაურების” მუხლით 2,838,130 ლარის საკასო ხარჯი გასწია, მათ შორის, დანამატი 774,739 ლარია, რაც “შრომის ანაზღაურების” მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 27%-ს შეადგენს.

რაც შეეხება საავტომობილო გზების დეპატრამენტს, აქ 2017 წელს თანამშრომლებზე “შრომის ანაზღაურების” მუხლით სულ 4,692,341 ლარი გაიცა, საიდანაც დანამატი 1,502,235 ლარი იყო. აღნიშნული თანხა “შრომის
ანაზღაურების” მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 32%-ს შეადგენს.

როგორც აღმოჩნდა, დანამატების გაცემა მინისტრისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით ხდებოდა, რაც, აუდიტის სამსახურის ცნობით, ასევე, დაუშვებელია.

“საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს. ხოლო ერთი ბრძანების საფუძველზე, წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში დანამატის დანიშვნა თანამდებობრივი სარგოს ხასიათს უფრო ატარებს, ვიდრე დანამატის, რაც გამართლებულ პრაქტიკად ვერ ჩაითვლება. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს
შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებები ზოგადია და არ არის
სათანადოდ დასაბუთებული”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ სამინისტროს აპარატში დამტკიცებულ საშტატო რიცხოვნობას ფაქტობრივად წლის
განმავლობაში საშუალოდ დასაქმებულთა რიცხოვნობა 31%-ით ჩამორჩება, დეპარტამენტში კი – 12.5%-ით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ “დაგეგმვის ეტაპზე საშტატო რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არ უნდა აჭარბებდეს წლის განმავლობაში ფაქტობრივად დასაქმებულთა რაოდენობას, რადგან არასწორად
დაგეგმვის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიების ათვისება ან გადანაწილება მუხლს შიგნით, პრემიებისა და დანამატების გასაცემად, არ შეიძლება კარგ პრაქტიკად ჩაითვალოს”.