ზუგდიდის საკრებულომ ლაშა გოგიას განცხადება გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა

663

წინა სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ლაშა გოგიას განცხადება გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა. დეპუტატებმა გადაწყვეტილება დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ლაშა გოგიამ 17 სექტემბერს ბრიფინგი გამართა, სადაც მან გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ის უდანაშაულოა და მიზანმიმართული “პროვოკაციის მსხვერპლია“.

13 სექტემბერს, ტელეკომპანია რუსათვი 2-მა აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მათი მტკიცებით, ლაშა გოგია რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. მოგვიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყოფილი მერის წინააღმდეგ ქრთამის შესაძლო აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში ერთი პირი დააკავეს.

გამოიკითხა რამდენიმე ყოფილი თანამდებობის პირი. მათ შორის ყოფილი გუბერნატორი, გუბერნატორის ყოფილი მოადგილე მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის უფროსი, ყოფილი მერი და ვიცემერი.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ასევე, ლაშა გოგიასთან ერთად, თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, გოგა გულორდავას მამაა.

ლაშა გოგია ზუგდიდის პირდაპირი წესით არჩეული მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. მან არჩევნებზე ხმების 54.34% დააგროვა.

მანამდე, 2014-2016  წლებში, გოგია ზუგდიდის სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, 2016 წლიდან ადგილობრივ არჩევნებამდე კი მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. სწორედ მისი გამგებლობის პერიოდში, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მიიღო საკრებულომ სათემო მუნიციპალიტეტის გაუქმებისა და თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდთან შეერთების გადაწყვეტილება.

ლაშა გოგია ასევე იყო “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ზუგდიდის მერის მოვალეობას მაიზერ ნანავა შეასრულებს.