ორსაუკუნოვანი ევროპული სახლები ახალციხეში (ფოტო/ვიდეო)

2023

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ.

ავტირი: ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე.

ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე, ახალციხის განაშენიანებამდე ძველი ქართული სოფლები იყო. ქალაქური ცხოვრება კი 1830 წლიდან დაიწყო. მაშინ აქ 29 ქუჩის და 308 სახლის მშენებლობა დაიგეგმა.

1830 წლამდე, ვიდრე ახალციხე მდინარე ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე გაშენდებოდა, ქალაქი მხოლოდ ამჟამინდელი რაბათის უბნის ტერიტორიაზე არსებობდა. იმ დროისთვის რაბათის დასახლებაში ძირითადად მიწურ სახლებში ცხოვრობდნენ. 1830–იან წლებიდან კი ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე ევროპული სახლების მშენებლობა დაიწყო. ამ დროისთვის ასეთი სახლების დიდი ნაწილი სახეშეცვლილი, ან გამქრალია.

“1828 წელს, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით ეთნიკური სომხები ჩამოასახლეს, ამიტომ სახლების გაჩენა და ქალაქის გეგმიური განაშენიანებაც, სავარაუდოდ, მათ ჩამოსახლებასთან არის დაკავშირებული. ქალაქის პირველი უბანი, ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე, “ვერიპლანის“ სახელით იყო ცნობილი“, – გვიყვება ისტორიკოსი გიორგი ბერიძე.

ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე ქალაქის განაშენიანებამდე, ტერიტორია ძველ ქართულ სოფლებს – მოღნისს, ზემო და ქვემო მარდას, ურიამარდას, ხვანამარდას და მარდას ეკავა. ქალაქის გეგმიური განაშენიანებისას კი აქ სახლები ერთნაირი ქვით ააშენეს, მაშინ ყველა კვარტალს თავდაცვითი ფუნქცია უნდა ჰქონოდა, ამიტომ თითოეული უბანი კედლებით ისაზღვრებოდა.

ისტორიკოსები გვიყვებიან, რომ იმ პერიოდში გაშენებული 308 სახლიდან 11 წარჩინებულ ოჯახებს საკუთარი სახსრებით აუშენებიათ. ერთ–ერთი ასეთი საცხოვრებელი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, გერმანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ხის აივნიანი სახლია, რომელიც წარჩინებულ იაკობ დურგლიშვილს აუშენებია. შენობა დღესაც საცხოვრებლად არის განკუთვნილი და ის ოთხ ოჯახს უკავია.

“ქვით ნაშენ სახლებს ხის აივნებს უკეთებდნენ. ახალციხეში მკაცრი ზამთარია, თუმცა ზაფხული ცხელია და გარეთ ყოფნა სურდათ, ამიტომ ქვის სახლებზე ხის აივნებს აშენებდნენ. აივნებზე ორნამენტები კი იმ დროისთვის არსებულ კულტურულ დონეზე მეტყველებს“, – გვიყვება არქიტექტორი გოგი ნარიმანიშვილი.

ფარნავაზ მეფის ქუჩაზეა ქალაქის კიდევ ერთ–ერთი გამორჩეული არქიტექტურის მქონე შენობა ორბელიანების სახლი, რომელიც 1829–1833 წლებში აშენდა. 1913 წლიდან აქ ილია ჭავჭავაძის „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ საქმიანობდა და წლების მანძილზე ინტელექტუალების თავშეყრის ადგილიც იყო.

1919 წელს შენობიდან ძვირფასეულობა და მდიდარი ბიბლიოთეკა გაიძარცვა. მას შემდეგ, საბჭოთა კავშირის პერიოდში შენობა გადაკეთდა და როგორც ისტორიკოსები გვიყვებიან, „ბლოკით მიაშენეს გვერდით ნაწილი, ამან კი სამწუხაროდ იერსახე დაუკარგა“.

ამ შენობაში წლებია ახალციხის სამუსიკო სკოლა ფუნქციონირებს, ისტორიული ნაგებობა ავარიულია.

ასევე, სავალალო მდგომარეობაშია პეტრე იბერის N17-ში მდებარე უძველესი შენობები, რომლებსაც ადგილობრივები „ბაგიბაღჩას“ უწოდებდნენ. აქ ბოლო წლების განმავლობაში სკოლა ფუნქციონირებდა, ახლა კი თავს უკანონოდ შესახლებული ვეტერანები აფარებენ. შენობაში საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრის მოწყობა იგეგმება, შესაბამისად სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც მალე დაიწყებენ.

„ეს სახლი, ქალაქის გეგმიურ განაშენიანებამდე, ჯერ კიდევ მე–18 საუკუნეში, 1752 წელს აჰმედ–ფაშას აუშენებია. „ბაგიბაღჩას“ სახლები ქალაქის პირველი ევროპული სტილის შენობებია“, – გვიყვება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი რეზო ანდღულაძე.

ახალციხის უძველეს შენობებს ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვთ. მერიის კულტურის სამსახურში ამბობენ, რომ ყველა მათგანის რეაბილიტაცია იგეგმება.

“მაგალითად, ორბელიანის სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომ პროექტი უნდა შედგეს ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, ამის შემდეგ შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდება. „ბაგიბაღჩას“ ტერიტორიაზე ტრენინგ ცენტრი ეწყობა. რაც შეეხება ძველი აივნებიანი სახლების რესტავრაციას, ამასთან დაკავიშრებით ჯერ ვერაფერს გეტყვით“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ზაზა თამარაშვილი.