ასპინძის სოფელ აწყვიტაში ხიდი ჩაინგრა

763

სტატიის გაგრძელება

ასპინძაში, სოფელ აწყვიტაში ნიჯგორთან დამაკავშირებელი ხიდი მაშინ ჩაინგრა, როდესაც ხიდზე მიკროავტობუსი გადადიოდა. მანქანაში მძღოლთან ერთად მხოლოდ ერთი მგზავრი იჯდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

შემთხვევა, 16 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა, როგორც მიკროავტობუსის მძღოლი ჯიმშერ ტატურაშვილი ამბობს, დაზიანებები არც მას და არც მასთან ერთად მყოფ მგზავრს მიუღია.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის როსტომ მაგრაქველიძის თქმით, ხიდი ავარიული იყო, ამიტომ მისი რეაბილიტაციისთვის პროექტი უკვე მზად აქვთ და ექსპერტიზაზეცაა გადაგზავნილი: „როგორც კი პროექტი დაგვიბრუნდება, ტენდერზე დავდებთ. ხიდის სრულ რეაბილიტაციამდე კი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და აქ გადაადგილება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეებისთვისაა დასაშვები“.

აწყიტის ხიდი, რომელიც სოფლის მოსახლეობას ნიჯგორთან და ასპინძასთან აკაბშირებს 2 000–იან წლებში აშენდა. როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ბოლოს მას სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდა.

მაგრაქველიძე ამბობს, რომ მაშინ ხიდის სარეაბილტიაციო სამუშოები არასწორად განხორციელდა: “ეგ ბაგირზე დაკიდებული ხიდია და რადგან ზედ ტრანსპორტს უნდა ევლო არ შეიძლებოდა მხოლოდ ბაგირზე მისი დატოვება, ჩვენ დასკვნაც გვაქვს, აქ კიდევ ბევრი ნიუანსია, არაპროფესიონალურად არის სამუშაოები შესრულებული“.

“მაშინ ხიდის სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა. განვაახლეთ მხოლოდ ფიცრები. გავამაგრეთ ხიდის მოშვებული სამაგრები, ამოვჭიმეთ ლითონის ბადეები, გვერდზე კონსტრუქციას არ შევხებივართ. შესაძლოა აქ პრობლემები იყო თავის დროზე კონსტრუქციის გაკეთებისას“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ანზორ ალელიშვილი, რომელიც ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების დროს იგივე პოზიციაზე მუშაობდა.

მისივე თქმით, ხიდზე 300 ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა დაუშვებელია და ზედ ამის მიმანიშნებელიცაა.

ვიდრე აწყვიტაში ხიდი აღდგება, აწყვიტის მოსახლეობას ტრანსპორტით გადაადგილება შემოვლითი გზით სოფელ ტოლოშიდან შეეძლება. ასპინძის მერიაში ამბობენ, რომ სოფელთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა სწორედ ეს არის.