რა პრობლემებს მოაგვარებს მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა?

სტატიის გაგრძელება

სტატია მომზადებულია “კახეთის ხმის” მიერ.

ავტორი: მაკა ხაზიური

ნარჩენების მართვის საკითხი გლობალურ გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოში. ნარჩენებმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინონ როგორც გარემოზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში ემისიების გზით.

ყოველდღიურად წარმოქმნილი დიდი რაოდენობით ნარჩენის მართვის ტრადიციული ფორმა, ნაგავსაყრელებზე განთავსება, აღარ არის გამართლებული, როგორც ეკონომიკური, ისე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა შეიმუშავეს. დოკუმენტი მიხედვით მუნიციპალიტეტი ვალდებულია, განახორციელოს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კოორდინატორი კახეთის რეგიონში კახა სუხიტაშვილი ამბობს, რომ ნარჩენების მართვის გეგმა მოიცავს მოსახლეობისგან ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შესახებ ინფორმაციას, შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული არასახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ მონაცემებს, სეპარირებული შეგროვებისა და აღდგენის სისტემის დანერგვისათვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, ნარჩენების დამუშავების ახალი ობიექტების მშენებლობის გეგმებს და სხვა.

“ნაჩენების მართვის გეგმაში გაწერილია განსახორციელებელი აქტივობები, ღონისძიებები, ნარჩენის შეგროვების და ტრანსპორტირების, ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის, ასევე სეპარირების საკითხები. გეგმა გასულ წელს დაამტკიცა ყველა საკრებულომ და შესაბამისად ეს არის უკვე მათთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი. არსებულ პრობლემებს შექმნილი გეგმა ვერ მოაგვარებს, მაგრამ მას მოაგვარებს ამ გეგმით გაწერილი აქტივობები და გადადგმული ქმედითი ნაბიჯები. რაც მთავარია თითოეულ ღონისძიებას აქვს თავისი ბიუჯეტი. აღნიშნული გეგმები შემუშავდა პროექტის “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში’’ (WMTR) ფარგლებში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ჩართულობით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID ) ფინანსური მხარდაჭერით’’,- განაცხადა კახა სუხიტაშვილმა.

მისი განმარტებით, 2019 წლიდან კანონი მუნიციპალიტეტებს ნარჩენების სეპარაციის დაწყებას ავალდებულებთ, რომელიც მათ წინაშე მთავარი გამოწვევა იქნება.

გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დიანა რაქვიაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების მართვის მხრივ არსებულ მდგომარეობას.

“მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმაში გაწერილია გურჯაანის მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესების კუთხით 2018-2022 წლებში ჩასატარებელი ღონისძიებები წლების მიხედვით. აღნიშნული გეგმით გათვალისწიებულია ნარჩენების სეპარირება, კომპოსტირება, სტიქიური ნაგავსაყრელები დახურვა და მათ რეკრეაციულ ზონებად ქცევას. მაგალითად გეგმის მიხედვით 2018-22 წლებში გაწერილია 1 500 ნაგვის ურნის და 8 მანქანის შეძენა. აქედან 6 სპეცმანქანის და 2 მცირე ზომის მანქანის, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალს დაასუფთავებს, ყოველდღიურ რეჟიმში’’, – განაცხადა დიანა რაქვიაშვილმა.

ექსპერტების თქმით, გეგმის შემუშავება ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების მოხმარების შემცირებას, რომლის შედეგად ნაკლები რაოდენობის ნარჩენი მოხვდება ნაგავსაყრელებზე, რაც გამოიწვევს რესურსების დაზოგვას და შეამცირებს დაბინძურების რისკს. კოტე კანდელაკი მიუთითებს, რომ ნარჩენების მართვის გეგმა ასეე განაპირობებს ქვეყანაში ამ მიმართულებით თანამედროვე სტანდარტის დანერგვას, რომელიც ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებასთან იქნება შესაბამისობაში.

“ნარჩენების მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპეტენციაა თვითმმართველობის. ეს ასევე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ასოცირების ხელშეკრულების და ნარჩენების მართვის კოდექსის. მხოლოდ სეპარაცია, ნარჩენების მართვა ან ინფრასტრუქტურის მოწესრიგება არ არის მთავარი, ამასთანავე აუცილებელია ამ მიმართულებით მოსახლეობის სწორად ინფორმირება’’,- აღნიშნავს კოტე კანდელაკი.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ გარემოს დაცვის კუთხით თვითმმართველობას თავის კომპეტენცის ფარგლებში გააჩნია საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები. თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი თვითმმართველობას მოუწოდებს, ნაჩენების მართვის გარდა, აიღოს ვალდებულება, რომ იზრუნოს მწვანე სივრცეების მოწყობაზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარგავების მოვლა პატრონობასა და განახლებაზე, ჰაერის და წყლის დაბინძურების საკითხებზე და ა.შ.

“მიმაჩნია, რომ დღეს თელავში მთავარ პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენს, 2012 წელს სტიქიის შედეგად განადგურებული და დაავადებული ნარგავების მოვლა და განახლება. ასევე დამატებითი მწვანე სივრცეების შექმნა ქალაქსა და სოფლებში. პრობლემაა ის, რომ არ არსებობს ეკოლოგირად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც პირდაპირ აისახება ქალქში ჰაერის ხარისხზე. ჩემი აზრით, ნარჩენების მართვის გარდა, მუნიცაპლიტეტმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს აღნიშნული საკითხების გადაჭრაზე ზრუნვა’’,-განაცხადა ნიკოლოზ შარვაშიძემ.

მსგავსი სიახლეები