მესტიაში 5 ქუჩის აღსადგენად 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო

616

მესტიის მუნიციპალიტეტში ხუთი შიდა ქუჩის რეკონქტრუქციისთვის 2 031 131 ლარი გამოიყო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება ჯაფარიძის, ვიტორიო სელას, ჩართოლანის, სენაკის და ფალიანის ქუჩები.

მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსმა გვანცა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ აღდგენა მხოლოდ მოასფალტებას არ მოიცავს. მისი თქმით, ამ თანხიდან 200 500 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ძირითად თანხას კი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი გაიღებს.

“ეს არ არის მხოლოდ მოასფალტება, ძირითად შემთხვევაში ქვაფენილია. არის სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლების და ღობეების მოწყობა. აქ ძირითადად გრუნტის ქვაა და ყოველი წვიმის დროს სულ ზიანდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ეს ხუთი ქუჩა ტურისტულად ძალიან აქტიურია, სტუმრები უფრო ხშირად ამ ტერიტორიებზე მოძრაობენ, შესაბამისად აქცენტიც ამ ნიშნით გაკეთდა. გვანცა ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ჯამში რეკონსტრუქციას 20-მდე ქუჩა საჭიროებს. მისი თქმით, დანარჩენი ქუჩებისთვის თანხის მოძიებას ეტაპობრივად შეძლებენ.

სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარული დღეა. წინადადებების მიღება 28 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბერს დასრულდება.