ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს

თვითმმართველობის ექსპერტის კოტე კანდელაკის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, თუ მერი გადადგა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინ რიგგარეშე არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ გადადგა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე- უახლოეს მაისში, შესაბამისად, მომავალი წლის მაისამდე მერის რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება. ცესკო განკარგულებით დანიშნავს არჩევნებს და დანიშვნიდან 50 – ე დღეს უნდა იყოს ჩატარებული არჩევნები“, – გვითხრა კოტე კანდელაკმა .

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ასევე, ლაშა გოგიასთან ერთად, თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, გოგა გულორდავას მამაა.

სუსში აცხადებენ, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიერ ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

ლაშა გოგია ზუგდიდის პირდაპირი წესით არჩეული მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. მან არჩევნებზე ხმების 54.34% დააგროვა.

მანამდე, 2014-2016  წლებში, გოგია ზუგდიდის სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, 2016 წლიდან ადგილობრივ არჩევნებამდე კი მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. სწორედ მისი გამგებლობის პერიოდში, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მიიღო საკრებულომ სათემო მუნიციპალიტეტის გაუქმებისა და თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდთან შეერთების გადაწყვეტილება.

გოგია ასევე იყო “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

როგორ ცნობილია, ლაშა გოგია 11 სექტემბერს სუს-ში „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე გამოკითხვაზე იყო დაბარებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

მსგავსი სიახლეები