სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზუგდიდის მერის გადადგომას ეხმაურება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მერის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მოწერელიას თქმით, ის მერის გადაწყვეტილებას პატივს სცემს. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია წუხელ გვიან შეიტყო და მიზეზების შესახებ არ იცის.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება არის მისი პირადი გადაწყვეტილება. შესაბამისად, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა გადაწყვეტილებას რაც არის მიღებული. მიზეზებს ალბათ თვითონ იტყვის. ფარულ ჩანაწერს რაც შეეხება, მე არ მომისმენია. ჩემთვის არ იყო ცნობილი გოგიას ამ გადაწყვეტილების შესახებ. დილიდან სოფლებში დავდივარ და მათთან კომუნიკაცია არ მქონია. აღნიშნული საკითხით აუცილებად დავინტერესდები. მის საქმიანობას კი მოსახლეობა შეაფესებს“, – განაცხადა მოწერელიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ასევე, ლაშა გოგიასთან ერთად, თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, გოგა გულორდავას მამაა.

სუსში აცხადებენ, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიერ ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

ლაშა გოგია ზუგდიდის პირდაპირი წესით არჩეული მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. მან არჩევნებზე ხმების 54.34% დააგროვა.

მანამდე, 2014-2016  წლებში, გოგია ზუგდიდის სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, 2016 წლიდან ადგილობრივ არჩევნებამდე კი მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. სწორედ მისი გამგებლობის პერიოდში, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მიიღო საკრებულომ სათემო მუნიციპალიტეტის გაუქმებისა და თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდთან შეერთების გადაწყვეტილება.

გოგია ასევე იყო “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

როგორ ცნობილია, ლაშა გოგია 11 სექტემბერს სუს-ში „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე გამოკითხვაზე იყო დაბარებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

მსგავსი სიახლეები