მერია ე.წ. სტაიანშჩიკების პრობლემის მოგვარებას იწყებს

747

„მინდა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დავავალო, რაც შეიძლება მალე მოწესრიგდეს ეს ყველაფერი. ადამიანებს, ვინც მართლაც პატიოსნად იღებს პარკირების წლიურ აბონიმენტს, ელემენტარულად იმის საშუალება არ აქვთ, რომ მანქანა გააჩერონ სპეციალურად ჩახერგილი, ჩაკეტილი ადგილების გამო. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ამიტომ ვიქონიოთ მყისიერი რეაგირება, თუ მოსაშლელია, მოშალეთ ეს სპეციალურად დაყენებული ბარიერები. ეს არის ჩვეულებრივი სამართალდარღვევა და იმოქმედეთ კანონის ფარგლებში.

რაც შეეხება ე.წ. სტაიანშჩიკებს, ხშირია შემთხვევა, რომ ეს ადამიანები, თუ მათ მძღოლი ფულს არ გადაუხდის, არ აძლევენ პარკირების საშუალებას. ესეც კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. არავის აქვს უფლება მინიციპალურ საპარკინგე ადგილებზე, რომლისთვისაც ადამიანები საფასურს იხდიან, შეზღუდოს მანქანის გაჩერების უფლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა, რომ ე.წ. სტაიანშჩიკების წინააღმდეგ მერია ფულად სანქციებსა და ჯარიმებს გამოიყენებს, თუ ისინი საჯარო პარკინგის ადგილებს თვითნებურად დაიკავებენ. მისივე თქმით, საპარკინგე ადგილების თვითნებურად დაკავებისთვის სანქციები მოქმედი კანონმდებლობით არსებობს და ის აუცილებლად იქნება გამოყენებული შესაბამისი სამსახურების მეირ.

“ეს არის საპარკინგე წესების დარღვევა, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება საპარკინგე ადგილებზე. საპარკინგზე ადგილების დაჯავშნა არღვევს მოქმედ წესებს და სანქციებია გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით. მოხდება კანონის მთელი ძალით ამოქმედება და შესაბამისი სამსახურები ეფექტიანად აღასრულებენ იმ მუხლებს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ყველას აქვს უფლება ნებაყოფლობით აჩუქოს თანხა ნებისმიერ ადამიანს, თუმცა, არავის აქვს უფლება, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც ყვითელი ფორმით ჩანან მთელ თბილისში, რომ უკანონოდ დაჯავშნონ ან დაიკავონ ის ადგილები, რომელიც ქალაქს გამოყოფილი აქვს საჯარო პარკინგისთვის. მათ წინააღმდეგ ჯარიმები, ფულადი სანქციები იმოქმედებს, – განაცხადა ბითაძემ.