ახალციხის თემის დეპუტატების უმრავლესობამ ქალაქთან შეერთებას მხარი დაუჭირა

719

ახალციხის თემის საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ სჯობს ახალციხეს ქალაქის სტატუსი გაუუქმდეს და თემის მუნიციპალიტეტი კვლავ ქალაქთან გაერთიანდეს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს. უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატების პოზიციები ერთსულოვანი იყო.

საკრებულოს სხდომა ამ წუთებში დასრულდა. იგი ხმაურის ფონზე დაახლოებით ერთ საათს მიმდინარეობდა. ერთმა დეპუტატმა პარტია “ევროპული საქართველოდან” პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. 21–მა წევრმა კი თემისა და ქალაქის შეერთებას მხარი დაუჭირა.

დღევანდელ სხდომას სულ 24 დეპუტატი ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდისთვის სტატუსის გაუქმებას ფიქრობს. ეს ქალაქებია: ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი და მცხეთა. დღეს, 19 მაისს ამ ქალაქებისა და ასევე მათი თემების საკრებულოებში გაერთიანების საკითხზე სხდომები იმართება.

დღეს, 19 მაისს დილიდან ახალციხის არასამთავრობო ორგანიზაციებმა თემისა და ქალაქის საკრებულოებისადმი მიმართვა გაავრცელეს, სადაც მათ იმედი გამოთქვეს, რომ დეპუტატების გადაწყვეტილება მოქალაქეთა ინტერესებს დაეფუძნება. ამავე მიმართვაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია თემისა და ქალაქის გაერთიანებასთან დაკავშირებით უარყოფითია.