ექსპერტიზის დასკვნით, ფოთის თეატრის შენობა სიცოცხლისთვის სახიფათოა

777

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის ექსპერტიზა დასრულდა. სამხარაულის ბიუროს დასკვნის მიხედვით, შენობის ფუნქციონირება სიცოცხლისთვის სახიფათოა და ის რეკონსტრუქციას საჭიროებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

თეატრის მმართველის თენგიზ ხუხიას თქმით, კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე, პირდაპირი შესყიდვის გზით, საჭირო ხარჯთააღრიცხვასთან ერთად მომზადდება პროექტი, სადაც გაიწერება, თუ როდის და რა მოცულობის სამუშაოები უნდა განხორციელდეს, რამდენ ხანს გასტანს რეკონსტრუქცია და როდის დასრულდება.

თეატრის მმართველის თქმით, დასს რეპეტიციებისთვის და სპექტაკლების საჩვენებლად ფართი არ აქვს. შესაბამისად, თუ რეკონსტრუქცია რამდენიმე თვეს, ან წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, სამუშაოდ ალტერნატიული ოთახი დასჭირდებათ.

ფოთის მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა განაცხადა, რომ მზად არიან დასის დასახმარებლად. მისივე თქმით, თავად უკვე შეხვდა თეატრის მმართველს და აღნიშნული საკითხი განიხილეს.

„ჩვენ დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ქალაქს ასეთი ძვირფასი დასი ჰყავს. უკვე გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მერიის დაკვეთით ჩატარდა. დავდეთ ხელშეკრულება კომპანიასთან, ვინც სახარჯთააღრიცხვო-საპროექტო სამუშაოებს განახორციელებს. დაწყებულია პროცესი და უახლოეს გონივრულ ვადებში უნდა დასრულდეს. ეს მოგვცემს შედეგებს გავიგოთ, თუ რა სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ფარეშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრის ახალ შენობა 2014 წლის 31 მაისს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმოდ გახსნა. თუმცა შენობაში ერთ თვეში წვიმის წყალი ჩამოვიდა, რის შედეგადაც დაზიანდა სცენა, საგრიმიორო ოთახების და შესასვლელის კედლები.

ახალი შენობის მშენებლობა 2005 წელს, ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო, როცა თეატრის ყოფილი შენობა საკათედრო ტაძარს გადაეცა.

მშენებლობისთვის ჯამში 11 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან 7 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაა 4 მილიონი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა.