ზუგდიდში სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა კარიკატურების, პლაკატებისა და ხმაურის ფონზე ჩატარდა

745

„ნუ დუჯერებთ მინისტრს, რომელმაც ადმინისტრაციული საზღვრები და თვითმმართველობების ცენტრებიც კი არ იცის სად არის“. – არასამთავრობო ორგანიზაცია “საუნჯეს” წარმომადგენელი ეგნატე შამუგია .

ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხი განიხილეს. სხდომა, რომელსაც  მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ  ხმაურის ფონზე  ჩატარდა.   არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქალაქისა და სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხი უკან გადადგმულ ნაბიჯად  შეაფასეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით 2014 წელს ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გაყოფამ ბევრი დადებითი მოუტანა როგორც თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდს, ასევე სათემო მუნიციპალიტეტის  სოფლებს, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე, თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის კუთხითაც.  ქალაქის საკუთარი შემოსავლები 3 წლის მანძილზე 3 მილიონიდან 7 მილიონამდე გაიზარდა.

საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა – “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა. საკრებულოს თავმჯდომარემ, მაიზერ ნანავამ მოსახლეობასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კითხვის დასმის საშუალებაც კი არ მისცა  და სხდომა ნახევარ საათში დაასრულა.    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა თვითმმართველი ქალაქისა და სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხს  მხარი თითქმის ერთხმად დაჭირეს, ერთადერთი მოწინააღმდეგე დამოუკიდებელი დეპუტატი ლაშა თოდუა გახლდათ.