რა ქონებას ფლობენ ახალი გუბერნატორები?

20 აგვისტოს წარდგენილი 7 ახალი გუბერნატორიდან სამს – შალვა კერესელიძეს (მცხეთა-მთიანეთი), გიორგი
ხოჯევანიშვილს (შიდა ქართლი), ალექსანდრე მოწერელიას (სამეგრელო-ზემო სვანეთი) თანამდებობრივი
შეუთავსებლობა აქვთ, შალვა კერესელიძეს (მცხეთა-მთიანეთი) და შოთა რეხვიაშვილს (ქვემო ქართლი) კი ქონებრივი დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ახალი გუბერნატორების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი
წყაროების შესწავლის შედეგად მოიძია ინფორმაცია მათი ბიოგრაფიის, ქონებისა და ბიზნესინტერესების შესახებ.

შალვა კერესელიძე – მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი

შალვა კერესელიძე 1996 წლიდან სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობდა, გუბერნატორად დანიშვნამდე კი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

შალვა კერესელიძე, 2018 წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობს საცხოვრებელ სახლსა და მიწის სამ ნაკვეთს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ორ ბინას და ავტოფარეხს თბილისში, ასევე, სახლს ქალაქ დუშეთში.

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, შალვა კერესელიძე არის შპს „შაკოს” (ს/კ 229282736) მეწილე და დირექტორი, თუმცა, მას ეს ინფორმაცია დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს, რაც კანონმდებლობის დარღვევაა (საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლი).

შალვა კერესელიძემ, კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნულ კომპანიაში დირექტორის პოზიცია დანიშვნიდან 10 დღეში უნდა დათმოს, წილი კი მინდობით სხვა პირს გადასცეს (საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-14 პუნქტი).

შოთა რეხვიაშვილი – ქვემო ქართლის გუბერნატორი

შოთა რეხვიაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
მოადგილე იყო, მანამდე კი 1995-2013 წლებში საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე
მუშაობდა.

შოთა რეხვიაშვილი და მისი ოჯახის წევრები 2018 წლის აგვისტოში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობენ მიწის სამ ნაკვეთს წავკისსა და ონში, ორ საცხოვრებელ და ერთ მშენებარე სახლს თბილისში.

შოთა რეხვიაშვილს დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს “აგროგორის” 50%-იანი წილის მფლობელი, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული წილის მითითების გარდა, კანონის თანახმად, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნული წილი მინდობით სხვა პირს უნდა გადასცეს.

ბესიკ ამირანაშვილი – სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი

ბესიკ ამირანაშვილი გუბერნატორად დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა
და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

ბესიკ ამირანაშვილი 2018 წლის ივლისში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობს მიწის ოთხ ნაკვეთსა და აგარაკს მცხეთის მუნიციპალიტეტში, ასევე ბინასა და ავტოფარეხს თბილისში.

გიორგი ხოჯევანიშვილი – შიდა ქართლის გუბერნატორი

გიორგი ხოჯევანიშვილს 2011-2013 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა, შემდგომ კი კომპანია „მაგთიკომში” მუშაობდა.

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, გიორგი ხოჯევანიშვილი ამჟამად შპს „ჯეო ფრუტის” დირექტორია, ასევე ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში:

• შპს „ფრუტ ექსპორტ კომპანი” – 100%;
• შპს „ჯი ენ კა გრუპი” – 75%;
• შპს „ჯეო ფრუტ პროდაქშენი” – 50%;
• შპს „ვესტს ლოჯისტიკს”– 15%;
• შპს „გაზლენდი” – 100%;
• შპს „დეკერს ჯორჯია” – 20%;
• შპს „მაქსიმუმი” – 50%;

გიორგი ხოჯევანიშვილი ასევე ფლობს ბინას და მიწის ნაკვეთს ქალაქ თბილისში. კანონმდებლობის
თანახმად, გიორგი ხოჯევანიშვილი დანიშვნიდან 10 დღეში ვალდებულია გადადგეს „ჯეო ფრუტის”
დირექტორობიდან (საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-14 პუნქტი), წილები კი მინდობით სხვა პირებს გადასცეს.

შავლეგო ტაბატაძე – იმერეთის გუბერნატორი

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის პოზიციას იკავებდა.

საჯარო რეესტრის მონაცემების თანამხად, იგი ფლობს მშენებარე ბინას ქალაქ თბილისში.

შავლეგო ტაბატაძის მიერ 2016 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მისი და მისი ოჯახის წევრების
საკუთრებაშია ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლში ხაშურში, არასაცხოვრებელი
ფართი რუსთავში.

ალექსანდრე მოწერელია – სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი

ალექსანდრე მოწერელია გუბერნატორად დანიშვნამდე “საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა
და ექსპორტიორთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოწერელია ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში:

• შპს “ქაპ ჯორჯია” – 49% წილის მფლობელი და დირექტორი
• შპს “ფიმა ჯორჯია” – 50% წილის მფლობელი
• შპს “აერკომპანი” – 16.34% წილის მფლობელი

ალექსანდრე მოწერელია ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ათზე მეტ მიწის ნაკვეთს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილისწყაროში (საერთო ფართობი 65 000 კვ. მეტრამდე). კანონმდებლობის თანახმად, ალექსანდრე მოწერელია შპს „ქაპ ჯორჯიაში” დირექტორის პოზიციიდან უნდა გადადგეს, კომპანიებში კუთვნილი წილები კი მინდობით სხვა პირებს უნდა გადასცეს.

ზურაბ ნასარაია – გურიის გუბერნატორი

ზურაბ ნასარაია გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობდა, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” პარტიული სიით. ნასარაიამ 2016 წელს პარტიას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 6 000 ლარი შესწირა.

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ზურაბ ნასარაია ფლობს ბინას თბილისში.

რეკომენდაცია:

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს:

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს შალვა კერესელიძეს, შიდა ქართლის გუბერნატორს გიორგი ხოჯევანიშვილსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას – 10 დღის
ვადაში დატოვონ სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი პოზიციები;

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს შალვა კერესელიძეს, შიდა ქართლის გუბერნატორს გიორგი ხოჯევანიშვილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას, ქვემო ქართლის გუბერნატორს შოთა რეხვიაშვილს – კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, შესაბამის სამეწარმეო სუბიექტებში კუთვნილი წილები მინდობით გადასცენ სხვა პირებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ვადით.

საჯარო სამსახურის ბიუროს – გამოვლენილი პრობლემური გარემოებების გათვალისწინებით, შეისწავლოს შალვა კერესელიძის და შოთა რეხვიაშვილის მიერ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციები; ასევე, გააკონტროლოს ახალდანიშნული გუბერნატორების მიერ ქონებრივი დეკლარაციების დროულად წარდგენის პროცესი და მათი შესაბამისობა თანამდებობის პირების სამეწარმეო და ქონებრივ მდგომარეობასთან.

მსგავსი სიახლეები