ირაკლი მელაშვილი: ძირითადი არის ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაცია და პირველი ნაბიჯი სწორედ აქეთკენ უნდა გადაიდგას

1134

“ძირითადი არის ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაცია და პირველი ნაბიჯი სწორედ აქეთკენ უნდა გადაიდგას”, – ამის შესახებ ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში, კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი მელაშვილი სამინისტროს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს.

“ძირითადი არის ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაცია და პირველი ნაბიჯი სწორედ აქეთკენ უნდა გადაიდგას. მაგალითად, თუ მუნიციპალიტეტმა კარგად იმუშავა და შემოსავლები გაზარდა, მას ტრანსფერი უმცირდება. ეს ნიშნავს, რომ წახალისება ხდება უსაქმურობის. კიდევ არის კომპეტენციისა და სტანდარტების საკითხი. ყბადაღებული თემაა ა(ა)იპ-ებსა და სსიპ-ებში დასაქმება. საჭიროა სტანდარტების შემუშავება. ასევე, არის დასაქმებულთა პროფესიონალიზმის საკითხი.

ჩვენ ვთავაზობთ სამინისტროს, რომ ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ. სამინისტროს მხრიდან არის საკითხებზე მსჯელობის მზაობა, თუმცა, პროცესი როგორ წარიმართება, ამას დრო აჩვენებს. პირველ რიგში, საჭიროა, რომ მთავრობამ თქვას, რა არ მოსწონს არსებულ სიტუაციაში”, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების მიზნით, სამი სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების გაზრდის, ფინანსური დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფის საკითხებზე უნდა იმუშაოს.

ამასთან დაკავშირებით, დღეს კოალიციამ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის სახელზე მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის პრიორიტეტებია ჩამოთვლილი, რაც, კოალიციის წევრთა აზრით, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტში უნდა აისახოს.