ვინ არიან ახალი სახელმწიფო რწმუნებულები და რა პრიორიტეტები აქვთ მათ? (ფოტო)

1126

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს შვიდ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები წარადგინა.

პრემიერის გადაწყვეტილებით, ახალი რწმუნებულები დაინიშნენ მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებმა კი თანამდებობები შეინარჩუნეს.

მამუკა ბახტაძემ პრემიერად წარდგენისთანავე განაცხადა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტს რეფორმირება სჭირდება, თუმცა, გარდა ტერმინოლოგიური და საკადრო ცვლილებებისა, ამ მიმართულებით დღემდე არაფერი შეცვლილა.

“ამ ინსტიტუტს სჭირდება გაძლიერება და ისეთი ფორმატის მიცემა, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომელიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთეს, დამატებით შეღავათს. ვფიქრობ, ეს ინსტიტუტი აუცილებელია, მას სჭირდება გაძლიერება, სჭირდება ისეთი მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ ადგილზე არსებული პრობლემური საკითხები და ამავე დროს, ვიმუშავოთ ამ საკითხების მაქსიმალურად ოპერატიულ რეჟიმში აღმოფხვრაზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამის შემდეგ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ტერმინი „სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი“ ტერმინით – „სახელმწიფო რწმუნებული” – შეიცვალა. დღეს კი შვიდი ახალი რწმუნებული დაინიშნა, რომელთაგანაც ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის გამოცდილება, პრაქტიკულად, არავის აქვს. მათი ნაწილი ძალოვანი უწყებებიდანაა, ნაწილი კი – კერძო სექტორიდან და მხოლოდ ერთს – მცხეთა მთიანეთის ახალ გუბერნატორს აქვს ამ მიმართულებით მინიმალური გამოცდილება.

დღეისათვის სახელმწიფო რწმუნებულები, ფაქტობრივად, უფუნქციოები არიან – ისინი არც რეგიონის ხელისუფლებას წარმოადგენენ, ვინაიდან თავად რეგიონი არ არსებობს, არც ადგილობრივ თვითმმართველობას. ეს ინსტიტუტი ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელებაა და დამტკიცებული დებულებით, სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის გაწევა და რეკომენდაციების შემუშავება ევალება.

ვინ არიან ახალი რწმუნებულები და როგორ ხედავენ საკუთარ როლს ამ თანამდებობაზე?

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად შალვა კერესელიძე დაინიშნა. მანამდე ის  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. კერესელიძე, პრაქტიკულად, ერთადერთი ახალი გუბერნატორია, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს. კერესელიძემ ამ პოსტზე ლევან ზაუტაშვილი შეცვალა.

ქვემო ქართლის რწმუნებულად შოთა რეხვიაშვილი დაინიშნა. მან ამ პოსტზე გრიგოლ ნემსაძე ჩაანაცვლა. რეხვიაშვილი მანამდე  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე, 2012-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილედ; 2004-2012 წლებში მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2004-2008 წლებში იყო ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი.

“მინდა, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მადლობა გადავუხადო თანამდებობაზე წარდგენისა და ნდობისათვის. სრულად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას. მე კარგად ვიცნობ ქვემო ქართლის მოსახლეობის საჭიროებას და რეგიონის პოტენციალს. ქვემო ქართლს მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის განვითარების რეალური პერქსპექტივა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასა და ქვემო ქართლის მოსახლეობასთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ რეგიონის სწრაფ განვითარებას“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა წარდგენის შემდეგ.

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი გახდა. ის წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ამირანაშვილი ბოლოს შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. ამირანაშვილამდე სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული კახა სამხარაძე იყო.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გახდა. ის ამ თანამდებობაზე “მაგთიკომიდან” გადავიდა. როგორც პრემიერმა თქვა, ის, ასევე, იყო ვენეციის კომისიის წარმომადგენელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. ხოჯევანიშვილმა ამ პოსტზე აკაკი მაჭუტაძე შეცვალა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ალექსანდრე მოწერელია დაინიშნა. ის “საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე იყო. პრემიერის თქმით, მას კერძო სექტორში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. მოწერელიამ ამ პოსტზე ლევან შონია ჩაანაცვლა.

გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია გახდა. პრემიერის თქმით, მას აქვს საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობის მრავალფეროვანი გამოცდილება, თუმცა, კონკრეტულად რა გამოცდილება აქვს, ბახტაძეს არ უთქვამს. მანამდე გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე იყო, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება პრემიერის პრესკონფერენციამდე ერთი საათით ადრე გააკეთა.

“გურია ჩემი მშობლიური მხარეა და ამ რეგიონს ძალიან კარგად ვიცნობ. ამ კუთხეს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვისა და გამოყენების თვალსაზრისით. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ადგილობრივი შრომითი რესურების პროფესიულ გადამზადებას და მათი დასაქმებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. გურულებს ვპირდები, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გურიამ იგრძნოს უკეთესი ცხოვრება,” – თქვა ზურაბ ნასარაიამ წარდგენის შემდეგ. გურიის ახალი რწმუნებულმა მედიას უთხრა, რომ მას ჟურნალისტები ძალიან უყვარს და თანამშრომლობას აპირებს. “ძალიან მიყვარს ჟურნალისტები იმიტომ, რომ მე მოვდივარ საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან. შესაბამისად, საზოგადოებასთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა მან.

რაც შეეხება იმერეთს, აქ სახელმწიფო რწმუნებულად შავლეგო ტაბატაძე დაინიშნა. ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალია. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტი რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო, ვინაიდან ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული გივი ჭიჭინაძე შუალედურ არჩევნებზე საქართველოს პარლამენტის ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

“20 წელზე მეტია, ვმსახურობ შეიარაღებულ ძალებში საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი გამოცდილება დამიგროვდა და შევეცდები, რომ მთელი ეს გამოცდილება მოვახმარო ჩემს რეგიონს, იმერეთს. ეს რეგიონი ჩემთვის უცხო არ არის, რადგან რაღაც პერიოდის განმავლობაში იქ მომიწია სამსახური. პირველი, რასაც გავაკეთებ, ეს იქნება კომუნიკაცია მუნიციპალიტეტთან და მოსახლეობასთან. მათთან ერთად გავეცნობი პრობლემურ საკითხებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ამ ყველაფერს გავუკეთებთ ანალიზს, გავწერთ პრიორიტეტებს და შევეცდებით ამის აღსრულებას,“ – განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა თავდაცვის სფეროდან პოლიტიკაში წასულიყო, შავლეგო ტაბატაძემ უპასუხა, რომ მნიშვნელობა არ აქვს შეიარაღებულ ძალებში იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში, მთავარი ქვეყნის სამსახურში ყოფნაა.

“ვფიქრობ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თითოეული ჩვენგანი შეიარაღებულ ძალებში ვიქნებით თუ სამოქალაქო სექტორში, მთავარია, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. ვფიქრობ, მთელ ჩემს გამოცდილებას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ეს წაადგეს იმერეთს”, – აღნიშნა მან.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმა განაცხადა, მთავრობის მთავარი მიზანი რეგიონების თანაბარი და ინკლუზიური განვითარებაა, ამიტომაც რწმუნებულებს დიდი ფუნქცია დაეკისრებათ.

“მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი  რეგიონების თანაბარი და ინკლუზიური განვითარება გახლავთ. სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას  ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და მათ გადასაჭრელად ცალკეული პროექტების განხორციელება საკმარისი არ არის. გეგმები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და დავისახეთ რეგიონების განვითარებისთვის, შეუფერხებლად და სრულყოფილად უნდა განხორციელდეს, რაც მთავარია, ძალიან მაღალი დონის დისციპლინით.

რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ამასთან ერთად, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ შევქმნათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი საზოგადოებასთან კომუნიკაციისა, რომელიც დაგვეხმარება, გვქონდეს პირდაპირი კავშირი ჩვენს მოსახლეობასთან და ამასთან ერთად, მივიღოთ უკუკავშირი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც არსებობს თითოეულ სოფელში, რომ გვქონდეს უკეთესი საშუალება მოვახდინოთ მათზე ოპერატიული რეაგირება. შესაბამისად, ჩვენ მიერ შერჩეულ ადამიანებს, დღეს ეძლევათ შესაძლებლობა, თავიანთი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი, ენთუზიაზმი და ენერგია მოახმარონ ჩვენს ერსა და ქვეყანას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.