ტყვიაველი ქალის – მანანა ჩიხლაძის ხსოვნას

1841

ავტორი: ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი

კონფლიქტის ზონის, ე.წ. „საზღვრისპირა“ სოფლებზე არაფერი მეცოდინებოდა, რომ არა ერთი არაჩვეულებრივი ქალი, მანანა ჩიხლაძე, სოფელი ტყვიავიდან. ქალი, რომელიც ჯერ ჩემი საყვარელი დიდედას მოვლაში გვეხმარებოდა და შემდეგ მამაჩემის. ჩვენი ოჯახის წევრი იყო.

მისგან გავიგე პირველად ქართლის სოფლების ეს სახელები: ტყვიავი, მერეთი, კარბი, არბო, მეღვრეკისი. ისეთ ამბებს მიყვებოდა სოფლის ყოფაზე, ჭირზე და ლხინზე, 2008 წლის ომის დღეებზე, იქაურ ყოველდღიურობაზე – სულგანაბული ვუსმენდი და ვფიქრობდი: ამ ადამიანებმა ნახეს ნამდვილი ომი, ყველაფერი გამოსცადეს: დევნა, შიში, გაქცევა, დამალვა, ბრძოლა გადარჩენისთვის. თვითონ მანანა ორი დღე ქვევრში იყო დამალული. მერე ცივ მდინარეშიც მოუწია ჯდომამ რამდენიმე ხანი. ძალიან ვნანობ, მისი ამბავი რომ არ ჩავიწერე. ერთი ადამიანის განცდილი ომის ამბავი. სულ მეუბნებოდა, რომ კონფლიქტის ზონის ამ სოფლებში ადამიანებს ყველასგან დავიწყებულის და მიტოვებულის განცდა აქვთ, რადგან, გარდა კონკრეტული და სიმბოლური თარიღებისა, თითქმის არავინ კითხულობს ჩვენს ამბავსო.

ეს ჩანაწერი მწერალთა სახლისთვის დავწერე შარშან. ახლა აქ ვაქვეყნებ და მანანა ჩიხლაძის ხსოვნას ვუძღვნი.

ერგნეთი, მეღვრეკისი, კარბი, მერეთი …

გამიმართლა და 2016 წელს გარკვეული ხანი „საქართველოს მწერალთა სახლში“ ვიმუშავე. „მწერალთა სახლელები“ ბევრს ფიქრობენ, როგორ შეუწყონ ხელი ლიტერატურული და კულტურული პროცესების დეცენტრალიზაციას, რეგიონების მაქსიმალურ ჩართულობას ლიტერატურულ და ზოგადად, კულტურულ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ სახლის კარი, მაჩაბლის # 13-ში, ყველასათვის ღიაა, აქაური საინტერესო საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები ხელმისაწვდომი მაინც არ არის რეგიონების მაცხოვრებლებისათვის. ეს კი პრობლემაა. ამიტომ, ვიფიქრეთ ჩვენ თვითონ დაგვეწყო სოფლებში სიარული და ლიტერატურული თუ არაფორმალური განათლების პროგრამების ადგილზე ჩატანა გვეცადა. სხვანაირად არ გამოდის. საიდან დავიწყოთო იყო კითხვა და გულმა ქართლისკენ გაგვიწია, კონფლიქტის ზონის სოფლებისკენ. პროექტის მომზადებაში კი ძალიან დაგვეხმარა მანანა ჩიხლაძე სოფელ ტყვიავიდან, რომელიც ქართლის ამ სოფლების შესახებ ინფორმაციას გვაწვდიდა და უხაროდა, რომ მის მხარეში მსგავსი ინიციატივა იწყებოდა: ის 2017 წელს მოულოდნელად ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოესწრო პროექტის (რომელსაც ასე შეჰხაროდა) დასრულებას და მის შედეგებს.

2016 წლის შემოდგომით, მწერალთა სახლმა შემომთავაზა ერგნეთში წასვლა და მოსწავლეებისათვის სათემო განვითარებასთან დაკავშირებული, ჩემი გამოცდილების გაზიარება. როგორც პროექტის თანაავტორი სიხარულით ვემზადებოდი ამ დღისთვის. ყველაფერს რომ თავი დაანებო, რა ჯობს ქართლის სოფლებს, ადამიანებთან შეხვედრას, მათ მოსმენას, ერთად მსჯელობას, აზრთა გაზიარებას…

ერგნეთის სკოლის გადასახვევს გავცდით და ზუსტად სამ წუთში „საზღვართან“ აღმოვჩნდით, თითქოს შუა სოფელში გზა გადაკეტესო. ხელმარცხნივ ეზოში, ზედ „ბარიკადებთან“ ქალი ფუსფუსებდა ეზოში, მისი სახლის უკან კი ცხინვალი თითქოს ხელის გულზე გადაშლილაო. ავფორიაქდი. სანამ არ ვნახე, მაინც ვერასოდეს მოვახერხე კონფლიქტის ზონის სპეციფიკის და სევდის გააზრება. ამ სოფლების მაცხოვრებლებისათვის კი ეს ყოველდღიურობაა.

ერგნეთის სკოლა პატარაა. ერთსართულიანი, სულ რამდენიმე საკლასო ოთახით. მზით განათებული და მყუდრო. გაწკრიალებული და მოვლილი. აქ 60 ბავშვი სწავლობს. სახეანთებულები, ინტერესით მისმენდნენ. წიგნები ჩავიტანეთ და სოფლის პრობლემებზე ვლაპარაკობდით. ეს სოფელი, თავისი 350 კომლით, ეს სკოლა და ეს ბავშვები, სკოლის დაუზარელი მასწავლებლები, დირექტორი, რომელმაც სკოლა შეინარჩუნა – ამ სოფელს ამაგრებენ, “საზღვარს” ამაგრებენ და აქაურობას აცოცხლებენ. მოსწავლეებს ვკითხე, თავისუფალ დროს რას აკეთებთ მეთქი? სოფელში არაფერი არ არისო. რას გააკეთებდით მეთქი, რომ შეგეძლოთ და წამოვიდა იდეები, ოცნებები და სურვილები!

აი, მაგალითად რას ნატრობენ ერგნეთელი ბავშვები:

– მინი სტადიონი ხელოვნური საფარით;
– საზოგადოებრივ-კულტურული სივრცე: სადაც იქნება სახელოვნებო წრეები, კინო-ჩვენებები;
– სპორტული დარბაზი – ტრენაჟორებიც და მუსიკალური ცენტრიც – რომ ხანდახან იცეკვონ.

ოდნავ მოგვიანებით, სოფ. მეღვრეკისიდანაც ჩამოვიდნენ მოსწავლეები (მეღვრეკისის სკოლაში 100 მდე ბავშვი სწავლობს). იქაც უნდაც მინი სტადიონი, და ძალიან უნდათ სასოფლო ბიბლიოთეკა – კიდევ ერთი, ცოცხალი საზოგადოებრივი თავშეყრის, სოციალიზაციის, შემეცნების და ურთიერთობის სივრცე, გარდა სკოლისა.

ვუსმენდი და მახსენდებოდა, ხანდახან რეებში იხარჯება უზარმაზარი თანხა და აქ კი რაზე ოცნებობენ “საზღვრისპირა” (კონფლიქტის ზონის) სოფლების ბავშვები; ვიფიქრე, რომ თუ ადგილზე არანაირი საშუალება არ აქვთ არაფორმალური განათლების, ასაკის შესაბამისი ინტერესების დაკმაყოფილების, რა თქმა უნდა განვითარების გზის ძიებას სხვაგან დაიწყებენ. დღეს სოფლებს (და ამ სოფლებს განსაკუთრებით) გვერდში დგომა სჭირდება და აქ მცხოვრებ ადამიანს მოსმენა, მათი სატკივარის გააზრება და შესაბამისი მოქმედება.

2015 წელს აქვე, სოფელ მერეთში მომიწია ჩასვლამ. მახსოვს მაშინ მერეთელებმა მითხრეს, ადრე ჩვენ სოფლებში სიცოცხლე ჩქეფდა, ჟრიამული იყო, საღამოობით დიდი და პატარა გარეთ ვიყავით და სოფელს სიცოცხლე ეტყობოდაო. ახლა კი ისეთი სიჩუმეა და თითქოს ცხოვრება ჩაკვდაო. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ სოფელ მერეთს არ ეხება და იგივე ხდება მეზობელ სოფლებშიც. აქ მცხოვრებ მოზარდებს კი ნორმალური ცხოვრება უნდათ, განვითარების შესაძლებლობა სჭირდებათ და თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარება.

ნეტავ, ასე რთული შესასრულებელია ერგნეთელი, მეღვრეკისელი, მერეთელი, კარბელი და სხვა მოზარდების ეს სურვილები? მინი-სტადიონები, კულტურის (თუნდაც მცირე) ალტერნატიული სივრცეები, სახელოვნებო და ლიტერატურული წრეები ნეტა არ გამოაცოცხლებდა აქაურობას? რა კარგი იქნებოდა, ამ სოფლებში, ზაფხულის გრძელ და ნათელ საღამოებს გარეთ გამოფენილი ბავშვების ხმა რომ ავსებდეს.