უმოწყალოდ გადამწვარი მიწის ნაკვეთები და განადგურებული ქარსაფარი ზოლები კახეთში (ფოტო, ვიდეო)

4341

შემდეგი სტატია

მოსავლის აღებასთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ნელ-ნელა ხანძრის რკალში ექცევა. შირაქის ველი, პრაქტიკულად, ალშია გახვეული. იგივე ხდება სიღნაღიდან დედოფლისწყაროსკენ მომავალ გზაზეც.

ადამიანები, რომლებსაც მოსავლის აღებისას ნამჯისგან მიწის ნაკვეთის გასაწმენდად დამატებით თანხის გადახდა არ უნდათ (მათი თქმით, თვითღირებულებას აძვირებს), ამ ვანდალიზმს იმით ხსნიან, რომ მათი მამა-პაპაც ასე “ამუშავებდა” მიწას. ამ “დამუშავებას” ხშირად ქარსაფარი ზოლები ეწირება, თავად დედოფლისწყარო კი, ქალაქიან-სოფლებიანად, ჭვარტლშია გახვეული.

ათწლეულებია, მიწა და გარემო ასე ნადგურდება, თუმცა, ხელისუფლება ვითარების შესაცვლელად ქმედით ნაბიჯებს, პრაქტიკულად, არ დგამს. შსს ამბობს, რომ ეს საკითხი მას არ ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენა სისხლის სამართლის დანაშაულია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მოსახლეობას აფრთხილებს და საჭიროების შემთხვევაში, ჯარიმებსაც წერს. ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ პრობლემა წლებია, არ გვარდება – მიწის ნაკვეთების დიდ ნაწილს ცეცხლი უკიდია და ეს ცეცხლი იმდენად ძლიერია, რომ რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებიდანაც ჩანს.

მიწის ნაკვეთებისთვის წაკიდებული ცეცხლი რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებიდანაც ჩანს

“იმ ადამიანებს, ვინც მიწას ასე ექცევა, ვურჩევ, რომ საქართველოს სადღეგრძელო განსხვავებულით აღარ დალიონ, იმიტომ, რომ ქართულ მიწას ანადგურებენ”, – ასე ეხმიანება ფერმერი ბექა გონაშვილი იმ ადამიანთა ქცევას, რომელთა წყალობითაც ერთ-ერთი ყველაზე უხვმოსავლიანი მიწები, წლების განმავლობაში, ასე ნადგურდება.

გონაშვილების ოჯახი შირაქში მოსავალს ყოველწლიურად იღებს. ბექა ამბობს, რომ დაახლოებით 15 წლის წინ მისი ოჯახიც ასე წმენდდა მიწას. “15 წელია, ეს “ტექნოლოგია” აღარ გამოგვიყენებია. მანამდე ჩვენც ასე გვეგონა, რომ ეს არის კარგი მეთოდი და მიწას ვასუფთავებდით. დღეისათვის, შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი ოჯახი ხორბლისა და ქერის ერთ-ერთ საუკეთესო მოსავალს იღებს შირაქში და ამის მთავარი მიზეზი არის მოვლა-შენახვისა და “გასუფთავების” ის წესები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ. ჩვენ არ გამოგვაქვს ნამჯა მიწის ნაკვეთიდან. მოსავლის აღებისას ე.წ. ჩოფერიან კომბაინებს ვიყენებთ, რომლებიც ნამჯას აქუცმაცებს. ნამჯა იგივე ნეშომპალაა, აზოტი, რომელიც მცენარემ მიწიდან წამოიღო. ჩვენ ამ აზოტს მიწას ისევ უკან ვუბრუნებთ. შესაბამისად, ვხმარობთ უფრო ნაკლებ სასუქს, ვიდრე ისინი, ვინც მიწას წვავენ. მოსავლის აღებისთანავე, კომბაინებს უკან მიჰყვება ე.წ. დისკები, რომელიც მიწას ჩეხავს (და არა ხნავს) და ეს ნამჯა ჩააქვს მიწაში. შესაბამისად, არაფერს ვწვავთ და მიწის ნაკვეთიც დამუშავებულია”, – ამბობს ბექა.

გონაშვილები ნამჯას, როგორც მულჩსაც იყენებენ. “მიწის ნაკვეთს დამუშავების შემდეგ აფარებენ ე.წ. მულჩს. ხშირად მულჩის ფუნქციას ცელოფანი ასრულებს ხოლმე, რომელსაც მიწის ნაკვეთს აფარებენ. შემდეგ მას ადგილ-ადგილ ხვრეტენ და შიგნით თესავენ თესლს. მულჩი იმითაა კარგი, რომ ის სარეველა მცენარეებს გამრავლების საშუალებას არ აძლევს. აი, სწორედ ნამჯას ვიყენებთ მულჩის ფუნქციით ჩვენ და გარდა იმისა, რომ სარეველებს გამრავლების საშუალებას არ ვაძლევთ, ტენიანობასაც ვუნარჩუნებთ მიწის ნაკვეთებს, რაც შირაქში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მიწა უფრო მდგრადი გახდა გვალვების მიმართ, ვიდრე ადრე იყო. ვიღაცამ რომ ჩვენს ნაკვეთს შეხედოს, იტყვის, რომ დაბინძურებული და მოუვლელია. სინამდვილეში კი, ეს არის ნამჯის მულჩი, რომელსაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყენებთ”, – გვიხსნის ბექა.

ის არც იმ ფერმერების მოსაზრებას იზიარებს, რომლებიც ამბობენ, რომ ე.წ. ჩოფერიანი კომბაინის მომსახურება ძვირი ჯდება, ამის გამო პროდუქტის თვითღირებულება ეზრდებათ და ამას მიწის გადაწვა ურჩევნიათ. ბექა გონაშვილი ამბობს, რომ ფერმერს ამ კომბაინის გამოყენებით მოსავლის აღება ერთ ჰექტარზე მაქსიმუმ 10 ლარით მეტი დაუჯდება, თუმცა, სამაგიეროდ, ნაკლები სასუქის შეტანა მოუწევს, რაც გაცილებით უფრო ამცირებს ფასს, ვიდრე ჰექტარზე ე.წ. ჩოფერის არგამოყენებით დაზოგილი 10 ლარია. რაც მთავარია, მოსავალი გაცილებით მეტი მოდის, ვიდრე გადამწვარ მიწის ნაკვეთებზე. ბექას გაანგარიშებით, მის ოჯახს მიწის სწორად დამუშავება, საბოლოო ჯამში, სხვა ფერმერებთან შედარებით, დაახლოებით, 40 ლარით ნაკლები უჯდება, მიწასაც არ აზიანებს და გარემოსაც არ აბინძურებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის, “მწვანე ალტერნატივის” ხელმძღვანელი, გარემოსდამცველი მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ დედოფლისწყაროს მიწის ნაკვეთების მასობრივი გადაწყვა განსაკუთრებულ ზიანს აყენებს, ვინაიდან ისედაც გაუდაბნოების საფრთხის წინაშე მდგარ მუნიციპალიტეტს მოსახლეობა ამ საფრთხეს ერთი ორად უზრდის.

“დედოფლისწყაროში მიწის ე.წ. მამა-პაპური მეთოდით მოვლა მიწის ყველაზე ნაყოფიერ – ჰუმუსის ფენას აზიანებს. ჰუმუსის ფენა რომ იწვის, მერე ნიადაგი ფუჭდება. გარდა ამისა, დაახლოებით, 10-15 წელია GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ამ ტერიტორიაზე ქარსაცავ ზოლს ყოველწლიურად აშენებს, ამ ხანძრებით კი მთლიანად ნადგურდება. დედოფლისწყაროში გაუდაბნოების პროცესებია დაწყებული, ძალიან მაღალია ქარისმიერი ეროზია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტეროტორიაზე ქარსაცავი ზოლების არსებობა, მაგრამ რამდენჯერაც დაირგო აქ ხეები, იმდენჯერ გადაწვეს. სახელმწიფო კი არაფერს აკეთებს. გარემოს დაცვის სამინისტრომ ამ ორიოდე წლის წინ ერთხელ გაიბრძოლა, მაგრამ რეალურად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. უმოქმედოა პოლიციაც, მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის გაჩენა სისხლის სამართლის დანაშაულია. საერთაშორისო ორგანიზაციები საგანმანათლებლო სამუშაოებსაც ეწევიან, მაგრამ მოსახლეობა მაინც ყოველწლიურად იგივე მეთოდს მიმართავს და მიწას აფუჭებს. უწყლოობითა და გაუდაბნოების პროცესების გამო დედოფლისწყაროში მოსავლიანობა ისედაც ეცემა და ძალიან გაუგებარია, ისედაც ამ მძიმე მდგომარეობაში მყოფები საკუთარ საქმეს რატომ აფუჭებენ”, – ამბობს მანანა ქოჩლაძე.

ის, რომ მიწის ამგვარი “დამუშავება” სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიის უფროსი, გიორგი ღამბაშიძეც ადასტურებს.

“ნამჯის დაწვის დროს  პირველი პრობლემა, რაც იქმნება, არის ის, რომ ნიადაგის ზედა საფარში მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს პრობლემა ექმნებათ, ნაწილი საერთოდ ნადგურდება, ნაწილის ცხოველმყოფელობა კი ფერხდება. შემდეგი პრობლემა არის ის, რომ ამ დროს ხდება ნიადაგის ჰუმუსის დაწვა. რაც უფრო ინტენსიურია ცეცხლი, უფრო მეტ ზიანს აყენებს ნიადაგის ამ ორგანულ ნაწილს. რამდენად წავა ის ნიადაგის სიღრმეში, ეს უკვე ცეცხლის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.  ამას ემატება ისიც, რომ აშრობს ნიადაგს და იწვევს გამტვერიანებას. ნიადაგის ზედაპირის გადაწვის შემთხვევაში, ხდება მისი გამტვერიანება და, თუკი ეს ტერიტორია საშიშია ქარისმიერი ეროზიის თვალსაზრისით, უფრო ინტენსიური ხდება ამ გამტვერიანების გამო.  ცხადია, ასევე, დანაკარგია თვითონ ორგანული ნარჩენი, ეს ნარჩენები თვითონ არის მზის ენერგიის ხარჯზე სინთეზირებული ორგანული ნივთიერებები, რომელსაც ჩვენ ტყუილად ვწვავთ და  ამით, გარდა იმ ზიანისა, რაზეც დასაწყისში ვილაპარაკე, ზარალი არის თავად ამ ნივთიერებების დაკარგვა, რომელიც მიწისთვის მკვებავია. ეს უშუალოდ  ნიადაგთან დაკავშირებული პრობლემებია. გარდა ამისა, ამას ემატება ქარსაცავი ზოლების განადგურება, ხანძრები და ა.შ.” – ამბობს გიორგი ღამბაშიძე.

მისი თქმით, მისი უწყება მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებით სამუშაოებს ატარებს. “ჩვენ სამეცნიერო კუთხით ვუხსნით ფერმერებს, რა მავნებლობა მოაქვს ამას და, რომ აქედან სარგებელი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ მათთვის იოლია ნაკვეთის ასე გასუფთავება, მაგრამ, საბოლოოდ, ამით საკუთარ მიწას ანადგურებენ. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გლეხებს ავუხსნათ, რა ზიანი მოაქვს მიწის გადაწვას”, – აცხადებს ღამბაშიძე.

ამავე – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის ჰიდრომელიორაციის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ეკა სანაძეც ადასტურებს, რომ პრობლემა მოუგვარებელია და საკანონმდებლო საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.

“ის პრაქტიკა, რომელიც ქვეყანაში არსებობს ნამჯის  გადაწვასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ძალიან ცუდი პრაქტიკაა, მაგრამ გლეხურ მეურნეობებში ძალიან ფართოდ არის გავრცელებული. ამის გაკეთება კი არაფრის დიდებით არ შეიძლება, რადგან ნიადაგის სტრუქტურას  საგრძნობლად აუარესებს, რომელიც, საბოლოო ჯამში, ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებას გამოიწვევს. ამასთან არის დაკავშირებული ქარსაფარი ზოლების არსებობაც, რადგან ეს ხანძრები, უმეტეს შემთხვევაში, იწირავს ამ ზოლებსაც.

ქარსაფარი ზოლების გაშენება ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი თავდაცვითი ღონისძიებაა იმიტომ, რომ ქარსაფარი ზოლებით ნიადაგის საფარის დაცვა ხდება. ამიტომ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც არ არის ქარსაცავი ზოლები, ნიადაგის ნაყოფიერება შემცირებულია”, – ამბობს ეკა სანაძე და დასძენს, რომ პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა “ქარსაფარი ზოლების დაცვის შესახებ” კანონპროექტი მოამზადა, თუმცა, ის ჯერ მიღებული არ არის. სამაგიეროდ, სანაძის განმარტებით, მოქმედებს „ნიადაგის მართვის შესახებ“ კანონი, რომელშიც ნათქვამია, რომ იკრძალება ყველა ტიპის საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ნიადაგის მდგომარეობის გაუარესებას. “ამიტომ კანონმდებლობა გვაქვს და, რომ არ მოხდეს მიწის დაწვა, აუცილებელია ამის კონტროლი, რომ ამას არ ჰქონდეს ისეთი ინტენსიური ხასიათი, როგორიც, სამწუხაროდ, დღეს აქვს”, – აცხადებს ეკა სანაძე.

კიდევ ერთი უწყება, რომელსაც ვითარებაში გასარკვევად droa.ge-მ მიმართა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტია.

როგორც  droa.ge-ს უწყებაში განუცხადეს, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები ითვლება ე.წ. არასახიფათო ნარჩენებად, მაგრამ მისი ღია წესით დაწვა გარემოს მაინც აბინძურებს და შესაბამისად, ამ ნარჩენების დაწვა მიწის ნაკვეთებისთვის ცეცხლის წაკიდებით არ შეიძლება. ამ აკრძალვას კი „ნარჩენების მართვის კოდექსი“ არეგულირებს და დაწვის შემთხვევაში, მოქალაქე 200 ლარით ჯარიმდება.

კოდექსის თანახმად, “მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით”.

უწყების ინფორმაციით, მონიტორინგი და რეაგირება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვალდებულებაა.

“რეაგირება არის ჩვენი დეპარტამენტის ვალდებულება და  ხდება ორი მიმართულებით: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები პატრულირებენ 24 საათის განმავლობაში. შესაბამისად, თუ პატრულირების პროცესში ფაქტი ნახეს, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. ანუ, შეადგენენ ოქმს და გადასცემენ სასამართლოს. მეორე შემთხვევაში კი რეაგირება მოქალაქეების წერილობით საჩივარზე, ან ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებაზე ხდება,” – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

უწყების ინფორმაციით, 2017 წლიდან დღემდე “ნარჩენების მართვის კოდექსის” 35-ე მუხლის დარღვევის 69 ფაქტია გამოვლენილი. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ მიწის ნაკვეთებზე გასუფთავების მიზნით გაჩენილი ხანძრის შემთხვევები; აქ შედის ყველა ის დარღვევა, რასაც 35-ე მუხლი კრძალავს, მათ შორის, ნახსენები ხანძრები.

რაც შეეხება კონკრეტულად შირაქსა და სხვა მიწის ნაკვეთებზე არსებულ ახალ შემთხვევებს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში droa.ge-ს განუცხადეს, რომ უკვე გამოწერილია ოქმები და გადაგზავნილია სასამართლოში.

მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ პრობლემა კვლავ მწვავედ დგას და კილომეტრებზე გადაჭიმული შირაქის ველი და სხვა მიწის ნაკვეთები ამ წუთებშიც უმოწყალოდ ნადგურდება. შედეგად კი ვიღებთ დაზიანებულ მიწას, გადამწვარ ქარსაფარ ზოლებს, შემცირებულ მოსავალს და აქედან გამომდინარე, შემცირებულ შემოსავალსაც, რაც მოსახლეობის გაღარიბებას პირდაპირპროპორციულად იწვევს და დაბინძურებულ გარემოს, რომელშიც ადგილობრივებს ცხოვრება უწევთ, თუმცა, ამაზე ისინი, სამწუხაროდ, არც კი ფიქრობენ.

“სახელმწიფომ თუ ამ ყველაფრისთვის კანონდამრღვევი სამაგალითოდ არ დასაჯა, არაფერი შეიცვლება. ერთია, რომ თვითშეგნებაა დაბალია და ეს პრობლემაა და მეორეა, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკებსაც არ ადარდებთ ეს საკითხი. მე თუ მკითხავთ, ამ ქმედებაზე ძალიან დიდი ჯარიმა უნდა დაწესდეს, სხვანაირად ამ პრობლემას ვერ მოევლება. მეორე მხრივ კი, შესაბამისმა უწყებებმა, ვისაც ეს ეხება, საინფორმაციო კამპანია აქტიურად უნდა აწარმოონ იმისათვის, რომ ფერმერებმა კარგად გაიგონ, რას აფუჭებენ, რა ზარალს აყენებენ საკუთარ თავსაც და გარემოსაც. როცა ნახავენ, რომ მიწის სწორი დამუშავებით უკეთესი შედეგი აქვთ, ამ ტრადიციად ქცეულ მეთოდზეც საბოლოოდ უარს იტყვიან”, – ამბობს ბექა გონაშვილი, რომელიც მომავალი წლის მოსავლის მისაღებად, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მიწის დამუშავებას უკვე შეუდგა.

სტატიის ავტორები: მაგდა პოპიაშვილი, რუსა მაჩაიძე

ფოტოებისა და ვიდეოს ავტორი: თეიმურაზ პოპიაშვილი