ახალციხის არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ქალაქისა და თემის საკრებულოების წევრებს

1079

დღეს, 19 მაისს, 15:00 საათზე, ახალციხისა თემისა და ქალაქის საკრებულოებში ჩანიშნულია სხდომა, რომელზეც თვითმმართველი ქალაქისა და თემის კვლავ გაერთიანების საკითხი განიხილება.

7 თვითმმართველი ქალაქისა და 7 სათემო მუნიციპალიტეტის კვლავ გაერთიანების შესახებ წინადადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და საკრებულოებში განსახილველად გააგზავნა, მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართევლი ერთეულების გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან ყველა ამ ქალაქში და მათ შორის, ცხადია, ახალციხეშიც.

ადგილობრივმა მოსახლეობამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი უარყოფითი და დასაბუთებული პოზიცია,  გაერთიანებასთან დაკავშირებით. თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანებას,  არ ვიზიარებთ არც არასამთავრობო სექტორი და ჩვენი პოზიციაც უკვე დაფიქსირებული გვაქვს საჯარო განცხადებით.  ([1] საუბარია მიმართვაზე, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა და რომელსაც ხელს 120 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.)

მიუხედავად ამისა, საკითხი მაინც დგას დღის წესრიგში და მეტიც, საკითხზე უკვე საკრებულებში უნდა იმსჯელოთ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყველაზე უკეთ იცით, რა შედეგი მოუტანა ქალაქ ახალციხესა და ახალციხის თემს 2014 წელს, თვითმმართველობის რეფორმის შედეგად სათემო მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის გაყოფამ. და თქვენ ეს ყველაფერი ციფრებით შეგიძლიათ დაასაბუთოთ.

ამ პროცესმა შესაძლებლობა მოგცათ, გქონოდათ საკუთარი ბიუჯეტი; ბევრად უფრო სწორად დაგეგეგმათ და განგეხორციელებინათ ის პროექტები, რომლებიც აქტუალური იყო როგორც ქალაქის, ისე სოფლის მაცხოვრებლებისათვის; გაგეზარდათ საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტების შემოსავლები; გაგეზარდათ   მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში. ამ ყველაფერს მეტყველებს ციფრები.

სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ თქვენ ყველაზე უკეთ შეგიძლიათ დაასაბუთოთ, რატომ არის აუცილებელი საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტების ცალ-ცალკე განვითარება, რომელიც  2014 წლის რეფორმით დაიწყო.

ამასთან, პირდაპირი წესით, ხალხის მიერ არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება, უპირველესად, სწორედ საკუთარი ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული და არა ცენტრალური ხელისუფლების წინაშე, რომლის რამდენიმე წევრის პერსონალურ ინიციატივასაც წარმოადგენს აღნიშნული ცვლილებების პროექტი.

აქედან გამომდინარე, მოგმართავთ როგორც სათემო მუნიციპალიტეტს, ისე თვითმმართველ ქალაქს, გამართეთ საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან და მათი მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე, მხოლოდ პარტიული დირექტივის შესაბამისად, არ მიიღოთ გადაწყვეტილება.

იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება დაეფუძნება მოქალაქეთა ინტერესებს, რომლებმაც თქვენი ქალაქისა თუ თემის ხელისუფლებად, სწორედ მათი ინტერესების გასატარებლად აგირჩიეს.