ავლაბრის ვერტიკალური ბაღი გახმა (ფოტო)

2584

მსოფლიოს 14 ულამაზეს ვერტიკალურ ბაღს შორის მოხვედრილი ავლაბრის მეტროს შენობაზე განთავსებული ვერტიკალური ბაღი გახმა. ინფორმაციას კომერსანტი ავრცელებს.

ბაღის მოვლა-პატრონობა 2018 წლის თებერვლიდან თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შ.პ.ს. „ეკოსერვის ჯგუფს“ ევალება. კომპანიის დირექტორი ვახო ნოზაძე აცხადებს, რომ ვერტიკალური ბაღში არსებულ მცენარეებს უკვე აღარაფერი ეშველებათ, რადგან კედელზე მისი თქმით, სოკოვანი დაავადებებია გავრცელებული.

“როდესაც ვერტიკალური ბაღი გადმოგვეცა მოვლა-პატრონობაში კედელი იყო სავალალო მდგომარეობაში, მცენარეები კი ხმობაში წასული. დიდი ალბათობით როგორც მცენარეებში ასევე “ჩიხოლზე“ (სადაც მცენარეებია ჩარგული) სოკოვანი დაავადებებია გავრცელებული. სამწუხაროდ, ამ დარგის სპეციალისტების კატასტროფული ნაკლებობაა ქვეყანაში. კომპეტენტური ადამიანის მოძებნამაც გარკვეული დრო წაიღო თუმცა, ვიპოვეთ და ახლა ვატარებთ კვლევას სოკოვან დაავადებებზე, რასაც უახლოეს მომავალში დავასრულებთ“, – აცხადებს ვახო ნოზაძე.

“ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი განმარტავს, რომ ახალი მცენარეების დარგვას მხოლოდ “ჩიხოლის“ მკურნალობის შემდეგ ექნება აზრი. მერიის მიერ დაფუძნებული შ.პ.ს -ში ჯერჯერობით არ იციან რა დაჯდება ბაღის განახლება. კვლევის ღირებულება, რომელსაც „ეკოსერვის ჯგუფი“ ახლა ატარებს, 800 ლარია, ხოლო სხვა ხარჯები კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი. ვახო ნოზაძე ვარაუდობს, რომ ვერტიკალური ბაღი შემოდგომაზე განახლდება.

შპს-ს “ეკოსერვის ჯგუფი“ “თბილსერვის ჯგუფს“ 2018 წლის თებერვალში გამოეყო და მათ ათი დიდი პარკის მოვლა-პატრონობა დაევალათ.

ავლაბრის მეტროს შენობაზე განთავსებული ვერტიკალური ბაღის რეაბილიტაციაზე თბილისის მერიამ ტენდერი 2017 წლის მარტში გამოცხადდა. მაშინ ტენდერში “გრინსერვისი+“-მა გაიმარჯვა. შესყიდვის ღირებულება 126`000 ლარი იყო. “გრინსერვისი+“-მა “ვერტიკალური კედელი“ თავიდან აღადგინა: მოხნა და დააყენა პანელები, გააკრა ქეჩი, თავიდან მოაწყო სარწყავი სისტემა, ჩარგო ახალი მცენარეები. ბაღის მოვლა-პატრონობა “გრინსერვის+“- ს 2017 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით დაევალა. ამის შემდეგ მცენარეები გარკვეული პერიოდი წვიმის იმედად იყვნენ დარჩენილნი.

“რეალურად, მცენარეს მოვლა პატრონობა უნდა, კედელზე კი არა. ჩვეულებრივად რომ დარგო, ისიც გახმება თუ არ მოუარე. შემდგომში მოვლა პატრონობა ხორციელდებოდა თუ არა ამაზე პასუხს ვერ ვაგებ, რადგან ჩემი ობიექტი აღარ იყო. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ვიდრე ჩვენ ვუვლიდით, ყველა მცენარე იყო საღი და გახარებული“, – განაცხადა კობა ხარშილაძემ.

ავლაბრის მეტროს შენობაზე განთავსებული ვერტიკალური ბაღი 2010 წელს მოეწყო. ვერტიკალური ბაღის პროექტი მერიის დაფინანსებითა და ფრანგი ბოტანიკოსის, ლანდშაფტის არქიტექტორის, პატრიკ ბლანშის მიერ განხორციელდა. მასში 104 დასახელების 4400 მარადმწვანე მცენარე იყო გამოყენებული.